ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეკანოიძე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ალაგ-ალაგ იგრძნობოდა ევროპელი პარტნიორების გავლენა

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებაში ალაგ-ალაგ იგრძნობოდა ევროპელი პარტნიორების გავლენა.

მისი თქმით, ზურაბიშვილის განხილვა ქართული ოცნებისგან დამოუკიდებელ ფიგურად ძალიან რთულია.

“ვეთანხმები იმ სიტყვებში სალომე ზურაბიშვილს, რომ რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ყოფილი პრეზიდენტი და საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ნებისმიერ შემთხვევაში პრეზიდენტის ინსტიტუტი, რაც არ უნდა შურისძიება გამოძრავებდეს და როგორც არ უნდა იყო პერსონალურად, პოლიტიკურად მოტივირებული შურისძიებისთვის, ვერავინ ვერ წაუვა იმ კონტექსტს რომ პრეზიდენტი დაკავშირებულია ძალიან სახელმწიფოს ღირსებასთან…

ძალიან რთულია, სალომე ზურაბიშვილი განიხილო ქართული ოცნებისგან დამოუკიდებელ ფიგურად. თუმცა, რაღაც გამონათებები ხშირ შემთხვევაში იყო ხოლმე, მაგრამ რაღაც კონტექსტში იგრძნობოდა ევროპელი პარტნიორების ალაგ-ალაგ გავლენა. ისინი ძალიან სწუხან ამ ყველაფერზე”, – განაცხადა დეკანოიძემ ფორმულასთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტი არ არის რიგითი პატიმარი და შესაბამისად, მისი გადაყვანა მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში ბევრად რთულია. ამასთან, ზურაბიშვილმა სააკაშვილთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია.

იტვირთბა....