ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზურაბიშვილი: ექს-პრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი, იგი განსაკუთრებული პატიმარია

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება ნებისმიერი ხელისუფლებისთვის და საზოგადოებისთვის დიდი გამოწვევაა.

„დიდი გამოწვევაა სასამართლო სისტემისთვის, პენიტენციური სამსახურისთვის, ხელისუფლებისთვის და ზოგადად, საზოგადოებისთვის. ყოფილი და აწ უკვე მსჯავრდებული პრეზიდენტის დაპატიმრება კანონის წინაშე თანასწორობასა და სამართლიანობას ეფუძნება. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტის დაკავებაც კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გამომდინარეობს. ეს მას კარგად გააზრებულიც ჰქონდა და მიუხედავად ამისა, ჩამოვიდა და თანაც უკანონოდ. კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სასჯელის აღსრულების დროს და ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი, იგი განსაკუთრებული პატიმარია, რამეთუ ყველა, საზოგადოება, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, აკვირდება მის მდგომარეობას და მოითხოვს უმაღლესი სტანდარტების შესრულებას.

ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოვეპყრობით მას და როგორ იქნება მისი ღირსება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დაცული. ამდენად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რეგულარულად ვიღებდი და ვიღებ ინფორმაციას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი უწყებებისგან, სახალხო დამცველისგან, სახელმწიფო ინსპექტორისა და ჯანდაცვის სამინისტროსგან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მიხეილ სააკაშვილმა დაკავების დღიდან შიმშილობა დაიწყო.

იტვირთბა....