ქართული ოცნების დეპუტატის, გია ვოლსკის თქმით, მოშიმშილე ადამიანების ყურება ძალიან მძიმეა და განსაკუთრებით ელენე ხოშტარიას მდგომარეობას განიცდის, რადგან ის საღად აზროვნებს. ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ძალიან მძიმეა ამის ყურება, ძალიან მძიმეა და განსაკუთრებით ელენეზე განვიცდი. მიუხედავად თავისი რაღაც საქციელისა, რომელიც ჩემთვის მიუღებელია, მე მგონია, რომ იგი პოლიტიკოსია, რომელიც საღად აზროვნებს და ზუსტად უნდა იცოდეს მანაც და აქ მოშიმშილეებმაც, რომ სააკაშვილის სამედიცინო უზრუნველყოფა არის საკმაოდ მაღალ დონეზე და მულტიფუნქციურია ყველაფერი, რაც არის შექმნილი მის გარშემო ამ სამედიცინო დაწესებულებაში. მაღალი დონის პროფესიონალები არიან ექიმები, რომლებიც მას 24 საათი მზრუნველობას არ აკლებენ”,- ამბობს ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით უკვე მე-14 დღეა შიმშილობს ელენე ხოშტარია. 14 ნოემბერს შიმშილობა დაიწყო ენმ-ის 9 დეპუტატმა და პარტიის წევრმა გიორგი ბარამიძემ. მოგვიანებით კი, რუსთავის საკრებულოს 6-მა და ზუგდიდის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის 5 წევრიც შეუერთდა მოშიმშილეთა რიგებს.

