პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობდა.
მისი თქმით, ტრაგედიაა, რომ ხდება ფაქტებით მანიპულირება და დაკარგულია გულწრფელობა.
“პირველ რიგში, შექმნილი მდგომარეობა საჭიროებს სწორ ანალიზსა და სწორ პასუხებს. სამწუხაროა განცხადებები, რაც ბოლო დღეებში, მათ შორის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისგან გვესმის: – ერთი დღე იყო ძალიან მძიმედ, ცუდად, ვერ დადიოდა, რამდენიმე საათში კარგად გახდა, რადგან სასამართლოზე უნდოდა მონაწილეობის მიღება. სად არის სიმართლე ვეღარ გავიგე! ეს არის რეალური ტრაგედია. ტრაგედიაა, რომ ხდება ფაქტებით მანიპულირება! საერთოდ დაკარგულია გულწრფელობა.
ჩემთან მოდიან, დახმარებას მთხოვენ. როცა მოსული იყო რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მთხოვეს გადაყვანაზე პარლამენტის მხრიდან მეშუამდგომლა – თანახმა იყვნენ გორის ჰოსპიტალზეც. მეორე დღეს ოპოზიციური სპექტრი გამოდის და ამბობს, რომ გორში აპირებენ გადაყვანას და ოსებზე გადაცემასო. თან პრობლემის გადაჭრისთვის ვითომ გზებს გვთავაზობენ და ამავე დროს, ამავე საკითხებით მანიპულირებას ცდილობენ”, – განაცხადა კუჭავამ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ის, რაც ახლა ნამდვილად ადარდებს არის ელენე ხოშტარიას და მოშიმშილე კიდევ 9 დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

