პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, რეჟიმის წინააღმდეგ ყოველდღიური ბრძოლაა საჭირო, რომელიც შედეგს აუცილებლად მოიტანს.
მისი თქმით, რეჟიმის ჩამოშლის ყველაზე ძლიერი იარაღი საპროტესტო აქციებია, რომელიც საზოგადოების ხელშია.
“ამ რეჟიმის წინააღმდეგ ყოველდღიური ბრძოლა არის საჭირო, რომელიც აუცილებლად გამოიტანს შედეგს. ის, რასაც დღეს ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, რაც დღეს მორიგჯერ ვიხილეთ, რომ დატყვევებულ ადამიანს, მიხეილ სააკაშვილს, არ ეძლევა უფლება, რომ თუნდაც უსამართლო სასამართლოთი ისარგებლოს, ამის უფლებაც კი არ ეძლევა და მიზეზად პროპაგანდისტულად სხვადასხვა საფუძვლებს მოიფიქრებენ და დაუდებენ სარჩულად, რომ თითქოს სადღაც ეფემერულად 400-500 კერძო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩაიხერგება თურმე გზები და მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების ზრუნვიდან გამომდინარე, ციხეში დამწყვდეული ადამიანი არ მიჰყავთ უკვე მეორეჯერ უსამართლო სასამართლოშიც კი. მათ უნდათ, რომ ამ რუსულ ყაიდაზე მორგებული პროპაგანდით ასაზრდოოს საზოგადოება. ხალხო, საქართველოს მოქალაქე ქუჩაში ყოველდღიურად! საპროტესტო აქციები არის ახლა ყველაზე ძლიერი იარაღი საზოგადოების ხელში…
მეთოდურად ეს რეჟიმი უნდა ჩამოიშალოს. შეუწყვეტავი იქნება ეს აქციები და რაც არ უნდა დაკავებულები ვიყოთ, ეს ყველაფერი შესაძლებელია ოდნავ მაინც ნორმალური სახელმწიფო რომ გვქოდეს და რეალურზე კიდევ უფრო რეალური საფრთხის წინაშე არ ვიდგეთ, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაკარგვისა”, – განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით, თბილისის ორივე სანაპიროზე საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.

