ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სუბარი: იმაზე უფრო სასტიკი დამნაშავე, ვიდრე სააკაშვილია, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში თითებზე ჩამოსათვლელი თუ იქნება

ქართული ოცნების დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, იმაზე უფრო სასტიკი და დიდი დამნაშავე, ვიდრე სააკაშვილია, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში თითებზე ჩამოსათვლელია.

მისი თქმით, გამოსავალი არის ერთადერთი – სამართალი უნდა აღსრულდეს და აღსრულდება კიდეც, რადგან ქვეყანა წინ ვერ წავა, თუ დამნაშავეები არ დაისჯებიან.

“[სააკაშვილმა] განაცხადა, დროზე გამათავისუფლეთ და ხელისუფლებას ათ დღეში დავამხობო. ექსპრეზიდენტის ლეგალური გზით ციხიდან გაყვანის შანსი არ არსებობს. იყო ორი გზა: შეწყალება, რაზეც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ორჯერ თქვა კატეგორიული უარი და სტრასბურგის სასამართლო, სადაც სააკაშვილს გასაჩივრებული აქვს უკვე დამდგარი ორი განაჩენი. სტრასბურგი არ ჩქარობს­ ამ საქმეების განხილვას, რაც ნიშნავს, რომ საეჭვოდ არ მიაჩნია ამ საქმის გარემოებები. სააკაშვილის ციხიდან სწრაფად გამოყვანის ერთადერთი გზა არის ამბოხება და ციხეში თუ საავადმყოფოში შეჭრა. ამის გათვალისწინებით, ის რჩება განსაკუთრებულ მეთვალყურეობაში. სხვათა შორის, მისმა ამერიკელმა ადვოკატმა­ თქვა, რომ სააკაშვილს სჭირდება განსაკუთრებული დაცვა, ვინაიდან მის სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეს. საქართველოში იმაზე მეტად დაცული და საიმედო საავადმყოფო არ არსებობს, ვიდრე სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაა. ამ წუთში მისი სადმე გადაყვანის საჭიროება არ არსებობს. თუ საჭირო გახდება, სახელმწიფო ამაზეც იზრუნებს.

გამოსავალი არის ერთადერთი – სამართალი უნდა აღსრულდეს და აღსრულდება კიდეც! ქვეყანა წინ ვერ წავა, თუ დამნაშავეები არ დაისჯებიან. იმაზე უფრო სასტიკი და დიდი დამნაშავე, ვიდრე სააკაშვილია, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში თითებზე ჩამოსათვლელი თუ იქნება. სხვათა შორის, ის ისეთი მუხლებით არის გასამართლებული, თავის დროზე ამნისტია რომ არ მიგვეღო, 6 კი არა, 15 წლით მოუწევდა სასჯელის მოხდა. ახლა რა მუხლებითაც მიმდინარეობს მისი გასამართლება, საზღვრის უკანონო კვეთას ვგულისხმობ, მისი სასჯელი 19 წლამდე გაიზრდება. რაც შეეხება დიალოგს, ამის ადგილი არის პარლამენტში. ხულიგნებსა და ბანდიტებთან საქმე არა გვაქვს. პარლამენტარი, რომელიც თავის მთავარ ამოცანად საკუთარი ავტომობილით სუს-ის ან სხვა სახელმწიფო უწყების შესასვლელის ჩახერგვას მიიჩნევს, დიალოგისთვის ადგილს არ ტოვებს. ჩვენთან მოდის არაერთი ინფორმაცია, რომ ოპოზიციონერი ლიდერები თანამებრძოლების, მათ შორის ელენე ხოშტარიას მკვლელობას გეგმავენ, რათა ხალხის მღელვარება და სიტუაციის დაძაბვა გამოიწვიონ. ასეთ ხალხთან დიალოგი შეუძლებელია”, – განაცხადა სუბარმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ყოფილმა პრეზიდენტმა დაკავების დღიდან შიმშილობა დაიწყო.

იტვირთბა....