ქართული ოცნების დეპუტატი, ირმა ზავრადაშვილი პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებს ეხმაურება.
როგორც ზავრადაშვილი მეტრონომთან საუბარში აცხადებს, აღნიშნული კადრები გავრცელდა, რათა ადამიანებს დაენახათ, რომ სააკაშვილი ქუჩაში არავის ჩამოუგდია და ფეხით არ უტარებიათ.
“სააკაშვილის გადაყვანის კადრები გავრცელდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო. მავანი და მავანი ამბობდა, რომ გარეთ ჩამოსვეს, ფეხით ატარეს და ა.შ. გაავრცელეს იმიტომ, რომ ადამიანებს დაენახათ, რომ არავინ არ ჩამოუგდიათ ქუჩაში და უფრო მეტიც, დიდი შეურაცხყოფა იყო მიყენებული იმ სამსახურებისა და სამედიცინო პერსონალის მიმართ, რომელიც მის ჯანმრთელობაზე ზრუნავდა.
ადამიანი, როდესაც მისჯილი აქვს ციხე, ის ციხეში არ უნდა შევიდეს? თუ არ შედის ამ დროს რას აკეთებენ ხოლმე? სხვა პრაქტიკა არსებობს? მე ყველაზე დიდი წინააღმდეგი ვარ იმის, რომ ადამიანი უმიზეზოდ და ძალის გადამეტებით ან დაჩაგრონ, ან დაიჭირონ, ან აწამონ, ან ცოცხი გამოიყენონ და ა.შ. სახელმწიფო სტრუქტურამ კი არა, ერთმა ადამიანმა არ უნდა დაჩაგროს მეორე ადამიანი. ადამიანს, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი აქვს განაჩენი, ეს უნდა ექვემდებარებოდეს თუ არ უნდა ექვემდებარებოდეს განაჩენს?”, – განაცხადა ზავრადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

