ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, სუს-თან და ჯანდაცვის სამინისტროსთან დაკავებული 46 პირიდან 20-ის ადგილსამყოფელი მათთვის ამ დრომდე უცნობია.
როგორც დეკანოიძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშიას წევრები კატეგორიულად მოითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ გასცენ ინფორმაცია სად არიან ეს ადამიანები.
“კატეგორიულად მოვითხოვთ ჩემი კოლეგების სახელით, დაუყოვნებლივ გასცენ ინფორმაცია, სად იმყოფება 20 ადამიანი, ჩვენ ვიცით მხოლოდ 26 ადამიანის ადგილსამყოფელი. მეტსაც გეტყვით ეს ადამიანები არ არიან მხოლოდ თბილისში, ეს ადამიანები გადაანაწილეს სხვადასხვა რაიონში, ხოლო ის ადამიანები, ვინც დააკავეს – ჩვენი აქტივისტები, საკრებულოს წევრები, პოლიტიკური ლიდერები, ადგილსამყოფელი ჯერჯერობით არ ვიცით. არ ვიცით ადგილსამყოფელი 20 ადამიანის – მათ შორის, ბაჩო დოლიძის, მურმან დუმბაძის, ნიკა ფარულავას და ზვიად კუპრავას. ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას წევრები კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გასცენ ინფორმაცია, სად არიან ეს ადამიანები”, – განაცხადა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მიერ სუს-ის და ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართულ დღევანდელ საპროტესტო აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 46 პირი დააკავა.

