სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, დღეს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი გამოიკითხება.
მისი თქმით, სააკაშვილს ჩაუტარდება ექსპერტიზა, რომელსაც მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე დაესწრება.
“დღეს განხორციელდება გამოკითხვა, შეთანხმებული ვართ პენიტენციურ დაწესებულებასთან და ასევე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან, რომ მათთვის მისაღები ფორმით განხორციელდება მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა და შემოთავაზებულია ისეთი ფორმა, რაზეც ისინი თანხმობას აცხადებენ. ეს იქნება უშუალო კომუნიკაცია, ისეთი ფორმით გამოკითხვა, რაც არ შექმნის იმ დისკომფორტს, რაც გუშინ იყო გამოწვეული. ამ პროცესს დაესწრება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და გამომძიებელი ჩაატარებს გამოკითხვას. ასევე, მოგახსენებთ, რომ დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც უნდა ჩატარდეს დღეს და მასში დაესწრება მიხეილ სააკაშვილის სურვილით მოწვეული სპეციალისტი, პირად ექიმზე ნიკოლოზ ყიფშიძეზე გვაქვს საუბარი”, – განაცხადა მიქელაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გლდანის ციხეში გადაყვანისას მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

