დიპლომატთა კლუბის მოთხოვნას, ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ხუმრობით პასუხობს და აცხადებს, რომ ის აუცილებლად დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნას. „ახლა მივბრუნდები სამინისტროში და აუცილებლად გადავდგები. დავაკმაყოფილებ დიპლომატთა კლუბის მოთხოვნას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, “დიპლომატთა კლუბმა” გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც კალაძის გადადგომას მოითხოვდა. არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ არ უნდა ხდებოდეს კალაძის მიერ “გაზპრომის” წარმომადგენელთან საიდუმლო შეხვედრები. “დიპლომატთა კლუბი” კალაძის პირად ინტერესების შესახებ მიანიშნებს “გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებებში.
“განსაკუთრებით დაუშვებლად მიგვაჩნია, ქვეყნისათვის ასეთ მნიშვნელოვან და გამოწვევებით სავსე პერიოდში, ასეთ სტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს იღებდნენ ის პირები, რომელთა პირადი ინტერესები ცალსახად იკვეთება ენერგეტიკის ბიზნესში. დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდეს პირი სწორედ ასეთი მახასიათებლით”, – ნათქვამია დიპლომატთა კლუბის განცხადებაში.