2011 წლის 21 მაისს გარდაცვლილი პოლიციელის, ვლადიმერ მასურაშვილის დედა, ანა აზნაურაშვილი მისი შვილის მკვლელის პოლიტპატიმართა სიით ციხიდან გამოშვებისთვის ქრთამის აღებაში დეპუტატებს ეკა ბესელიას, მანანა კობახიძეს და უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს ადანაშაულებს.
ანა აზნაურაშვილმა ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მან ბესელიას და კაკაბაძის მიერ ქრთამის აღების შესახებ იცოდა.
“4 წელზე მეტი გავიდა იმ ავადსახსენებელი ღამიდან, როცა ჩემს თვალწინ ტელევიზიით მაყურებინეს როგორ მოკლეს ჩემი შვილი. ათასი, ათიათასობით ადამიანის თვალწინ. ყველამ ნათლად დაინახა როგორ გადასრისა ბურჯანაძის ერთ-ერთმა მანქანამ ჩემი შვილი, რომელშიც როგორც თვითონ აღიარა იჯდა ალექსანდრე ბიბილური. მან გაიტანა ჩემი შვილი. უკიდურესად მძიმე დაზიანებები მიიღო. კიდურების დამტვრევა, ყველა ორგანოს გადახეთქვა. ის მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში. ამას იმისთვის ვამბობ, რომ სხვა ვერსიები, რომელიც გავრცელდა ჩემი შვილის მკვლელობაზე სიმართლე არ არის. უმძიმეს მდგომარეობაში, აგონიაში მყოფი წაიყვანეს საავადმყოფოში. ეს ყველაფერი თავის თავზე ალექსანდრე ბიბილურმა აიღო. მე რამდენად ვეთანხმები ამას ეს სხვა საკითხია, თუმცა რადგან მან განაცხადა, რომ მკვლელობა ჩაიდინა, ამიტომ ის უნდა დაისაჯოს და ეს ადამიანი უნდა იჯდეს ციხეში. მას 8 წელი მიესაჯა. ასევე 5 წელი პირობითი და მინდოდა, რომ ბოლომდე მჯდარიყო ციხეში. თუ მერე სხვა სიმართლე გაირკვეოდა ეს უკვე სხვა საკითხი იყო”, – განაცხადა ანა აზნაურაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც გაიგო, რომ მისი შვილის მკვლელი პოლიტპატიმართა სიაში იყო შესული, მთავარ პროკურორსა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მიმართა, თუმცა მას ყურადღება არავინ მიაქცია.
“ამ ყველაფრის მერე ამ ზნედაცემულმა ხალხმა, რომლებსაც სძლია სიხარბემ გამორჩენის მიზნით ეს ყველაფერი გააკეთეს და ბიბილური ციხიდან გამოუშვეს. ამ სამმა ქალბატონმა, ბესელიამ, კაკაბაძემ და კობახიძემ არ იღო ყურად ჩემი, შვილმკვდარი დედის თხოვნა და პირიქით, მასხარად ამიგდეს. მე ვარ პოლიციელის დედა და მთელ საქართველოს ვეუბნები, ჩემი შვილი მოკლეს და ჩემი შვილის მკვლელის ციხიდან გამოშვებას ასე არ დავტოვებ. ამდენი ხანი ჩუმად იმიტომ ვიყავი, რომ მხარი არავინ ამიბა, ვერავინ დამიდგა გვერდში. თან ჯანმრთელობა შემერყა, ახლა რამდენიმე ადამიანმა გმირულად წამოწია წინ ეს საკითხი და მე მათ ყველანაირად დავუდგები გვერდში. არ მეშინია სიკვდილის, არ მეშინია სისხლის, სიცოცხლის ფასად დავუდგები წინ ამ საქმეს”, – აღნიშნა ანა აზნაურაშვილმა.
აზნაურაშვილი ასევე აცხადებს, რომ მან და მთელმა საქართველომ კარგად იცის, რომ ნინო ბურჯანაძის პარტიის ყველა წევრის ციხიდან გასათავისუფლებლად პოლიტპატიმართა სიით, ფული თავად ბურჯანაძის პარტიამ გადაიხადა.
“იმ ფულის გადაცემას, რა თქმა უნდა, არავინ დამასწრებდა, მაგრამ ის, რომ ამ საქმეში დევს დიდი ფული მე ამის მჯერა. ბურჯანაძის პარტიის წევრებზე ერთიანი ფულია გადახდილი. ფული ვისაც ქონდა იმან გადაიხადა. მე დავუდგები ყველას გვერდით, ვინც იბრძოლებს სიმართლის დასადგენად. სიკვდილის ფასადაც რომ დამიჯდეს არ დავიხევ უკან, არ შევარჩენ ჩემი შვილის სიკვდილს არავის. ჩემი ბედნერება და ჩემი ოჯახის სიხარული იმ დღეს მოისპო და აღარ არსებობს. არ შეიძლება პარლამენტში ისხდნენ ადამიანები, რომლებიც ფულის ფასად ყველაფერს გააკეთებენ და ეშმაკსაც კი მიჰყიდიან სულს”, – განაცხადა ანა აზნაურაშვილმა.