ანტალიის დიპლომატიური ფორუმის მეხუთე სესია მოიტანს სასარგებლო შედეგებს, განსაკუთრებით ჩვენი რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანტალიის დიპლომატიური ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მექანიზმები, რომლებიც ადამიანის უფლებათა და გლობალური უსაფრთხოების დაცვას ევალებათ, უძლურნი რჩებიან სასტიკი თავდასხმების წინაშე.
„იმედი მაქვს, რომ პროგრამის ფარგლებში გამართული დისკუსიები, შეფასებები და იდეების გაცვლა, ისევე როგორც ფორუმის მანძილზე გათვალისწინებული გვერდითი ღონისძიებები და ორმხრივი შეხვედრები, ნაყოფიერი იქნება მონაწილეების, წარმომადგენლების და შინაარსის თვალსაზრისით. განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას, ჩვენ არ ვსაზღვრავთ ანტალიის დიპლომატიურ ფორუმს მხოლოდ დიპლომატიური კონტაქტის კონცეფციის ფარგლებში. ჩვენ ამ ფორუმს განვიხილავთ, როგორც ინტელექტუალურ პლატფორმას სამყაროს განვითარების მიმართულებების, კაცობრიობის გამაერთიანებელი ღირებულებებისა და ურთიერთობის განვითარებადი სფეროების შესახებ სიღრმისეული კონსულტაციებისთვის. დღეს ვხედავთ, რომ ეს გლობალური ფორუმი იქცა გლობალური ინტელექტის, გლობალური ფუნქციებისა და მომავლის იმედის საერთო პლატფორმად.
მსოფლიო განიცდის არა მხოლოდ ძალაუფლების კრიზისს, არამედ ორიენტაციის კრიზისსაც. ამ ეტაპზე აშკარაა, რომ სერიოზულ და საშიშ ზღვართან ვდგავართ. სისტემა, რომელიც წესებზე დაფუძნებულად მიიჩნევა, დუმს იქ, სადაც ეს წესები ირღვევა. მექანიზმები, რომლებიც ადამიანის უფლებათა და გლობალური უსაფრთხოების დაცვას ევალებათ, უძლურნი რჩებიან სასტიკი თავდასხმების წინაშე. აქ არსებული ძირეული პრობლემა არის სელექციური სამართლიანობა, ინსტრუმენტალიზებული პრინციპები და ჩვენი საერთო ღირებულებები, რომლებიც დაქვემდებარებულია ძალაუფლებრივ ურთიერთობებს“, – განაცხადა ერდოღანმა.

