აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ზედიზედ მეორედ, კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა ეროვნული საგანგებო მდგომარეობა, რომლის ფარგლებშიც რუსეთთან დაკავშირებულ გემებს ამერიკულ პორტებში შესვლა ეკრძალებათ. ამის შესახებ თეთრი სახლის ცნობა 17 აპრილის ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნდა.
“რუსეთის ფედერაციის მთავრობის პოლიტიკა და ნაბიჯები კვლაც წარმოადგენს ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას აშშ-ს საერთაშორისო ურთიერთობების არევის ან არევის საფრთხის მიზეზის გამო.” – წერია ტრამპის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში.
აღნიშნული ბრძანება, რომელიც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2022 წლის 21 აპრილს გამოსცა, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ან რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულ გემებს აშშ-ს პორტებში შესვლას უკრძალავს.
“დამატებით ერთი წლით ვახანგრძლივებ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს რუსეთის ფედერაციის მიმართ და საგანგებო უფლებამოსილებებს, რომლებიც განსაზღვრულია №10371 პროკლამაციაში და ეხება რუსეთთან დაკავშირებული გემების გაჩერებისა და გადაადგილების რეგულირებას აშშ-ს პორტებში”. – ვკითხულობთ აშშ-ს ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მანამდე, თებერვალში და მარტის ბოლოს, პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე ერთი წლით გაახანგრძლივა ბაიდენის მიერ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით გამოცხადებული ეროვნული საგანგებო მდგომარეობა და რუსეთის წინააღმდეგ 2014 წლიდან ამოქმედებული და 2022 წლიდან გაფართოებული სანქციებიც.

