ხალხს საკუთარი სახლებიდან იძულების წესით ვეღარავინ გამოსახლებს. საქართველოს პრეზიდენტმა საპოლიციო წესით გამოსახლების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონთა პაკეტს ხელი მოაწერა. კანონი, რომელიც სასამართლოს გვერდის ავლით, მხოლოდ პოლიციის მეშვეობით, ადამიანებს ქუჩაში აძევებდა, საბოლოოდ გაუქმებულია. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბანკების მოთხოვნა ვეტოს გამოყენების თაობაზე არ გაითვალისწინა. შესაბამისად, კანონი უკვე ძალაში შევიდა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე განმარტავს, რომ ცვლილებების მიხედვით, ხდება საპოლიციო წესით გამოსახლების ჩანაცვლება სასამართლო წესით.
„მიგვაჩნია, რომ ეს სამართლებრივი სახელმწიფოს და ეროვნული მართლწესრიგის იდეის დამკვიდრებას და გაძლიერებას ემსახურება და ასევე ითვალისწინებს ევროპული სტანდარტისა და პრაქტიკის შემოღებას.
უნდა აღინიშნოს ერთი გარემოება, რაც არაერთხელ დაუფიქსირებია საქართველოს პრეზიდენტს, რომ ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის, საკითხებზე, რომელიც კერძო სექტორისა და ბიზნესისათვის დიდი მგრძნობელობით და მნიშვნელობით გამოირჩევა, აუცილებელია საკითხის დაყენებისთანავე მოხდეს ყველა მხარესთან კონსულტაციები, რათა კანონის მიღების შემდეგ გარკვეული კითხვები აღარ ისმებოდეს“, – აღნიშნა გიორგი კვერენჩხილაძემ.
დამტკიცებული ცვლილებების მიხედვით, პირის საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება შესაძლებელი. გაუქმდა ნორმები, რომელთა მიხედვითაც, პირის გამოსახლება-გამოყვანა იძულებით არის შესაძლებელი.