ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალური მდივანი, მატიუ მორი აცხადებს, რომ საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიში ქვეყნისთვის „წინსვლის გზებს“ განსაზღვრავს და ხაზს უსვამს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ხშირი ცვლილება დემოკრატიის სტაბილურობისთვის სერიოზული გამოწვევაა.
“ეს ანგარიში რამდენიმე გზას გვთავაზობს წინსვლისთვის. ჩვენ დავგმეთ ის ფაქტი, რომ არჩევნების შესახებ კანონები ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა. ვფიქრობ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს ოცჯერ და უფრო მეტჯერ მოხდა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი სიგნალია დემოკრატიის სტაბილურობისთვის. ჩვენი რეკომენდაციაა, შეწყდეს კანონების შეცვლა. ასევე, ოპოზიციურ პარტიებსა და ლიდერებს მიეცეთ საშუალება, სათანადოდ შეასრულონ თავიანთი სამუშაო. იგივე მოწოდება გვაქვს სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშრებით. ბოლო დროს შევხვდი სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე ორგანიზაციას და ოპოზიციის ლიდერებს და უცხოელი აგენტების შესახებ ახალი კანონების გამო, ამ ორგანიზაციებს სათანადოდ ფუნქციონირება არ შეუძლიათ. ამიტომ, ამ ანგარიშში რეკომენდაციების მთელი სიაა მოცემული, საინტერესო იქნება, თუ როგორი იქნება ჩვენი დელეგაციის რეაგირება საქართველოს შესახებ ამ ანგარიშთან დაკავშირებით” – განაცხადა მეტიუ მორმა “ტვ პირველის” კითხვის საპასუხოდ.
ევროსაბჭოს კონგრესი საქართველოს შესახებ ანგარიშის მისაღებად ემზადება. სტრასბურგში, ზუსტად ერთ კვირაში, 46 ქვეყნის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის დელეგატები შეიკრიბებიან და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და ვითარებაზე იმსჯელებენ.
სხდომაზე განიხილება დოკუმენტი, რომელიც ფაქტების დამდგენმა მისიამ საქართველოში ვიზიტის შემდეგ მოამზადა. ანგარიშში საუბარია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე, სავარაუდო წამებაში ბრალდებული პირების პასუხისმგებლობის საკითხზე და ახალი კანონების გაუქმებაზე.

