აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ევროსაბჭოს კონგრესი საქართველოს შესახებ ანგარიშის მისაღებად ემზადება

ევროსაბჭოს კონგრესი საქართველოს შესახებ ანგარიშის მისაღებად ემზადება. სტრასბურგში, ზუსტად ერთ კვირაში, 46 ქვეყნის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის დელეგატები შეიკრიბებიან და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და ვითარებაზე იმსჯელებენ.

სხდომაზე განიხილება დოკუმენტი, რომელიც ფაქტების დამდგენმა მისიამ საქართველოში ვიზიტის შემდეგ მოამზადა. ანგარიშში საუბარია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე, სავარაუდო წამებაში ბრალდებული პირების პასუხისმგებლობის საკითხზე და ახალი კანონების გაუქმებაზე.

ევროსაბჭოს კონგრესი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

სასწრაფოდ განაახლოს პოლიტიკური დიალოგი მმართველობის ყველა დონეზე, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული, რათა შემცირდეს პოლარიზაცია და აღდგეს პლურალისტურ დემოკრატიაში აუცილებელი კონტროლისა და ბალანსის მექანიზმები;

გააუქმოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი პრობლემური ცვლილებები და განახორციელოს ყოვლისმომცველი რეფორმა, რომელსაც წინ უძღვის ფართო კონსულტაციები, რათა უზრუნველყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობა და გამოასწოროს ყველა ძირითადი ხარვეზი;

დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ოპოზიციური ხმების კრიმინალიზაციის პროცესი და გააუქმოს ის შესწორებები, რომლებიც ხელს უწყობს ოპოზიციური პარტიების აკრძალვას;

ნამდვილი დიალოგის აუცილებელ წინაპირობად, კონგრესი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს ყველა კანონმდებლობა, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს და თავი აარიდოს ნებისმიერ ქმედებას, რაც კიდევ უფრო შეაფერხებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია საშუალებების მუშაობას ან შეარყევს ადგილობრივი დემოკრატიის საფუძვლებს;

კონგრესი ასევე რეკომენდაციას გასცემს ადგილობრივ დონეზე ძალადობის შესახებ ცნობების საფუძვლიანად გამოძიებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით დაკავებულებისა და მომიტინგეების მიმართ;

ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლონ დაპატიმრებული ჟურნალისტები და პოლიტიკური ლიდერები.

ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი პოლიტიკური კრებაა, რომელიც 46 ქვეყნებიდან 612 დელეგატს აერთიანებს.

იტვირთბა....