პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თუ კონტრაქტორი ვალდებულებებს კარგად ასრულებს, უნდა წახალისდეს და თუ ვერ ასრულებს, სანქციებია საჭირო.
ამის შესახებ კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“სამწუხაროდ, ყველა კონტრაქტორმა ვერ გაითავისა ის ვალდებულებები, რომელიც მათ გააჩნიათ, ამიტომ მე მინდა გთხოვოთ, რომ უპირველეს ყოვლისა მოსახლეობას მივაწოდოთ რეგულარული ინფორმაცია ბრიფინგის სახით გზების დეპარტამენტის ან შესაბამისი უწყების მხრიდან და მეორე, ასეთი პრობლემების გამო, ვერ ხდება ძირითადი სერვისების მიწოდება, მოქალაქეების გადაადგილების ნაწილში შეფერხებებს რომ თავი დავანებოთ, შეიძლება სასწრაფო ვერ მივიდეს ავადმყოფთან და შეიძლება რაიმე უბედურება მოხდეს. მე მინდა, თუ კონტრაქტორი კარგად ასრულებს ვალდებულებებს, წავახალისოთ და მადლობაც უნდა ვუთხრათ, ასევე მომავალ თანმშრომლობაში გავითვალისწინოთ და თუ ვერ ასრულებს პირიქით, გამოვიყენოთ ის სანქციები, რაც საჭიროა. იმიტომ, რომ, ალბათ, ჩვენ თანამოქალაქეებს არ აინტერესებთ რა სტრუქტურით ვქირაობთ ჩვენ ამა თუ იმ კომპანიას და არც ის, რომ რომელიმე ჩვენი კონტრაქტორი ვერ ასრულებს ამა თუ იმ მოვალეობას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.