ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლი იზრდება.
ამის შესახებ სერგეენკომ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, წელს მედიკამენტების ხარისხი საერთაშორისო ევროპულ ლაბორატორიებში გადამოწმდება.
“დღეს ჯანდაცვის სამინისტროდან სამი საკითხი გვაქვს. ერთ-ერთი მათგანი არის “სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლის პროგრამის” დამტკიცების შესახებ. ეს პროგრამა მოქმედებდა წინა წლებში, თუმცა პროგრამაში შედის გარკვეული ცვლილება, რომელიც გაზრდის სამკურნალო საშულებების ხარისხის კონტროლს. კერძოდ, ის ითვალისწინებს არამარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო, ამ საკითხში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ხარისხის გადამოწმებას. ხარისხის კონტროლი მოიცავს გრძელ ჯაჭვს და თუკი აქამდე ხორციელდებოდა მხოლოდ საწარმოდან გამოშვებული და ექსპორტით შემოტანილი მედიკამენტების ერთჯერადი კონტროლი, ამჯერად ეს იქნება მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიცავს იმ ნედლეულის სერტიფიცირების შემოწმებას, რომელიც შედის საწარმოში და შემდგომ მედიკამენტად გადაიქცევა. თუკი აქამდე ხარისხის კონტროლი ხორციელდებოდა არჩევითად, ადგილობრივ სამხარაულის სახელობის ლაბორატორიაში, რომელიც ამაში არ არის საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელი, წელს დაემატება მედიკამენტების ხარისხის საერთაშორისო ევროპულ ლაბორატორიებში გადამოწმება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.