ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო სულიერნო შვილნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, ღვთივკურთხეული ივერიის მკვიდრნო და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო: – “და უთხრა მათ ანგელოზმა: “ნუ გეშინიათ. აჰა, გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისთვის იქნება: რადგან დღეს დავითის ქალაქში თქვენთვის იშვა მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. და ეს გექნებათ ნიშნად: იპოვით ჩვილს, შეხვეულს და ბაგაში მწოლარეს.” – გიხაროდეთ!
“რადგან ჩემი დაბრუნების შემდეგ მოვინანიე, და მას შემდეგ, რაც გამოვიცადე, დავირტყი თეძოზე; შემრცხვა მე და თავი მომეჭრა კიდეც, რადგან ვატარებ ჩემი სიყმაწვილის სირცხვილს!“ (იერემია 31:19)
ჩემო სულიერო შვილებო, დღეს მინდა გულახდილობაზე გესაუბროთ.
რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ თვითოეული ჩვენგანის გონება, ისევე როგორც მთლიანი კაცობრიობის კრებითი გონი, ეკლიანი გვირგვინის ნაცვლად შემოქმედს ნათელ შარავანდედად მოევლოს? რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ თავისუფალ ვარდნაში მყოფი ადამიანის მშფოთვარე სული ჭეშმარიტებას შეშინებული კი არ დაენარცხოს, დამშვიდებული და რბილად დაესვენოს? – გ უ ლ ა ხ დ ი ლ ო ბ ა!
ყველა ძუძუმწოვარა ცხოველს ეშინია ტკივილის და გამონაკლისის გარეშე არცერთ მათგანს არ აქვს სიკვდილის წინაშე შიში. ამის მიზეზი კი მათი უბიწო, უდანაშაულო გულწრფელობაა, რომელიც ადამიანში როგორც წესი ასაკის მატებასთან ერთად კლებულობს.
ცხოველთა ასეთი უშიშრობის მიზეზი ის გულახდილობაა, რომელსაც არაფერი აქვს დასამალი… ის გულახდილობა, რომელსაც კითხვები არ გააჩნია, რამეთუ პასუხში ცხოვრობს… ის გულახდილობა, რომელიც ცხოველთა სიცოცხლეში არა თავისუფალი ნების ერთ კონკრეტულ და ცალკე აღებულ გამოვლინებაში მდგომარეობს, არამედ მთელ სიცოცხლეს ერთ მთლიან თავისუფალ ნებად, გულახდილობად წარმოადგენს!.. გულახდილობა შიშის საპირწონე და მისი საპირისპირო თვისებისა და ეფექტის მქონე ცნება და მოვლენაა. ჩვენ ვცდებით, როცა შიშის საპირწონე ცნებად გამბედაობას განვიხილავთ. გამბედაობა შეიძლება შიშის ლინგვისტური ანტონიმი იყოს, მაგრამ არამც და არამც საპირისპირო თვისებით აღჭურვილი მოვლენა. გამბედაობა მხოლოდ შიშის გაუმჟღავნებლობას, მის დაფარვას ნიშნავს. გამბედაობა შიშის მხოლოდ დროებით მორევას ნიშნავს და არა მის გადალახვას და საბოლოოდ დამარცხებას. გულახდილობაა ის, რაც შიშისთვის დამღუპველია და გულახდილობაა ის, რაც შიშთან შერკინებაში გამბედაობას როგორც მოკავშირეს საჭიროებს.
გულახდილი ადამიანი უშიშარი ადამიანია! უშიშარი ადამიანი კეთილშობილი ადამიანია! კეთილშობილი ადამიანი კი… გ უ ლ ა ხ დ ი ლ ი ა!
43 წელია რაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი და ქართველი ხალხის სულიერი მამა ვარ და დღეს, ამ სინათლით სავსე ღამეს, გადავწყვიტე ჩემს მიერ სხვადასხვა დროს მიღებულ თუ არმიღებულ ამა თუ იმ გადაწყვეტილებებზე, ჩემს პირად და აქამდე გაუხმოვანებელ განცდებზე, პირადად ჩემზე გესაუბროთ და გესაუბროთ გულახდილად.
ჩემს მიმართ სკეპტიკურად განწყობილ იმ ადამიანებს, რომლებიც ბრალს საბჭოთა კავშირის სუკ-ის აგენტობაში მდებენ, მინდა ვუთხრა რომ ისინი ცდებიან. სუკ-ის აგენტი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა ცენტრალურ ხელისუფლებასთან გარკვეული სახის თანამშრომლობას ადგილი რასაკვირველია ჰქონდა და სხვანაირად არც შეიძლება ყოფილიყო. კომუნიზმის ეპოქაში, აბსოლუტური ტოტალიტარიზმის ეპოქაში, როგორ წარმოუდგენია ვიღაცას სახელმწიფო მართვის სისტემისგან ეკლესიის სრული დამოუკიდებლობა?! იმ ეპოქის ქართულ-მართლმადიდებლურ ეკლესიაზე საუბარი არასდროს ყოფილა ჩემი ყველაზე დიდი სურვილი, ისევე როგორც საერთოდ იმ ეპოქაზე საუბარი, მაგრამ როგორ წარმოუდგენია მავანს დაპყრობილი ხალხებისა და სახელმწიფოებისგან შეკოწიწებულ მონსტრ სახელმწიფოში მისგან დამოუკიდებელი ეკლესია? როგორც რაღაცა ავტონომიური კუნძული?! სახელმწიფოსგან მოწყვეტილი თავისუფლების სავანე?! ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ მთელი ერების დაჩოქებაში გაწაფული სისტემა ვერ მოერეოდა როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად გაპარტახებულ ეკლესიას?! რასაკვირველია ეს ასე არ იყო! რასაკვირველია ეკლესიაც ზუსტად ისეთივე ჭანჭიკი იყო მართვის იმ უზარმაზარი მანქანისა, როგორც რომელიღაც ნებისმიერი აღმასკომი.
მე არასდროს ვყოფილვარ სისტემის მონა, თუმცა არც მის წინააღმდეგ ამბოხებულთა რიცხვს ვეკუთვნოდი. მე ვცხოვრობდი იქ, სადაც მილიონობით ჩვეულებრივი ადამიანები ჩემთან ერთად ცხოვრობდნენ და მათთვის ვქადაგებდი იმას, რაც სახელმწიფოს გარეშე ჩემთვის ვიცოდი და რისიც სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად მწამდა. საბჭოთა კავშირისა და კომუნიზმის წინააღმდეგ გალაშქრებისკენ არავის არ მოვუწოდებდი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი ადამიანებისთვის კარგსა და ცუდს შორის ის სხვაობა დამენახებინა, რომელიც სახელმწიფოს გარეშეც კარგსა და ცუდს შორის სხვაობად რჩება.
ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული მონაკვეთი, ისევე როგორც ბევრი თქვენგანის, იმ დიდ გარდატეხას უკავშირდება, რომელიც ეროვნული მოძრაობის დაწყებას, იმპერიის დაშლასა და შემდგომ წლებს დაემთხვა.
არასდროს არ მიგრძვნია თავი ისე უსუსურად, როგორც 1989 წლის 9 აპრილის ღამეს. როდესაც იცი რა ელით ადამიანებს და მათი აღტკინებული გულების დამშვიდებას და საფრთხის თავიდან აცილებას მაინც ვერ ახერხებ. არასდროს არ მიგრძვნია თავი ისე უმწეოდ, როგორც 1991-92 წლების დეკემბერ-იანვარში, როცა დანამდვილებით იცი საიდან უბერავს ქარი და ვერაფრით შველი ადამიანებს, რომლებმაც ქვეყანას მოუქნელი, მაგრამ ახალი და თავისუფალი სუნთქვა ჩაჰბერეს და რომელთა წინააღმდეგაც 70-წლიანი პრაქტიკის მქონე, ცივი და პრაგმატული სისტემის ნაშთი ილაშქრებს. არასდროს მიგრძვნია თავი ისე დაბეჩავებულად, როგორც მაშინ, როცა მომღიმარი თუ მომცინარი ჯალათების გვერდზე დგომა და ჯდომა, მათთან ერთად მათივე გუნება-განწყობის გაზიარება მიწევდა. თანამშრომლობა მიწევდა ადამიანებთან, რომლებმაც გარე ძალების დავალებითა და დახმარებით, ძალაუფლებისა და სიმდიდრის ხელში ჩაგდების სურვილით შეპყრობილებმა ჯერ კანონიერი ხელისუფლება დაამხეს, შემდეგ კი ძირითადად მისი მომხრეებით დასახლებულ დასავლეთ საქართველოზე გაილაშქრეს და ააწიოკეს.
დღესაც კი, როცა ასე თუ ისე გარკვეულ კალაპოტში და გარკვეული მიმართულებით მივედინებით, დღესაც უსუსურობის, უმწეობისა და სიბეჩავის განცდა მეუფლება, მახსენდება რა ჩემი ცხოვრების ის ეპიზოდები, როცა არც ერთის, არც მეორის და არც მესამის განცდის უფლება არ მქონდა და ერთადერთი მოვალეობა, რომელიც მოვალეობის ნაცვლად ვალადღა შემომრჩა, შეუსრულებელი და გადაუხდელი დამრჩა… უსუსურობის, უმწეობისა და სიბეჩავის განცდა მეუფლება, ვათვითცნობიერებ რა, რომ ხმა არ ამიმაღლებია არსად იქ, სადაც უსამართლობისგან დევნილ სამართალს სიკვდილისფერი ედო და შველას ადამიანებისგან ელოდა… ადამიანებისგან, რომლებიც მე შემომყურებდნენ… მე, რომელიც ვდუმდი.
“ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს…” – ვნანობ, რომ ამბროსი ხელაიას კლდეზე ამოთლილი ამ სიტყვების მხოლოდ ეს ნაწილი შემიძლია მოვირგო, როცა მისი დარჩენილი ნაწილის ხმამაღლა წარმოთქმის მოვალეობაც, უფლებაც და საშუალებაც რამოდენიმეჯერ მებოძა.
მე არ ვარ ამბროსი ხელაია!.. არ ვარ ერის სულიერი წინამძღვარი… მე მხოლოდ თანამდებობაზე დროებით დანიშნული ის ღვთისმსახური ვარ, რომელმაც კარგსა და ცუდს შორის სხვაობის შესახებ იცის და ამ ცოდნას შეძლებისდაგვარად ადამიანებს უზიარებს… ამბროსი ხელაიასგან განსხვავებით მე პატრიარქი ვარ, რომელიც სახელმწიფოსთან კონფლიქტში არასდროს არ შედის და ჩათრევას ყოველთვის ჩაყოლას ამჯობინებს… რისთვისაც ქალისა და კაცის, დიდისა და პატარის, ქართული სახელმწიფოს, ერისა და ბერის წინაშე პატიება მითხოვნია.
ღმერთს ებარებოდეთ.
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა.
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი
ავტორი ვასო შონია