პარტია ლელო – საქართველოსთვის ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ჰარცელის დღევანდელი განცხადება და ელჩის დაბარება ბრიუსელში, ხაზგასმით ადასტურებს ამ პრობლემის სიმძიმეს.
როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, პასუხისმგებლობა სრულად ოცნების ხელისუფლებას ეკისრება.
“მას შემდეგ რაც სუსის ფაილები გავრცელდა და ნათელი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ელჩებს და მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს უსმენენ, რამდენიმე განცხადება გავაკეთე.
კარლ ჰარცელის დღევანდელი განცხადება და ელჩის დაბარება ბრიუსელში, ხაზგასმით ადასტურებს ამ პრობლემის სიმძიმეს. საქართველოს საგარეო იმიჯი, ისედაც შელახული, ბოლომდე ჩამოიშალა. ეს მოვლენები გვაკარგვინებს პარტნიორებს, ჩვენი ხელისუფლების უგუნური საქციელი, უდიდეს ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს.
დაუჯერებელი და მავნებლურია, ერთის მხრივ, ვითომ მიისწრაფოდე ევროპული ოჯახისკენ, დეკლარირებული გქონდეს 2024-ში ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება, დასავლურ ღირებულებებზე აპელირებდე და მეორეს მხრივ, ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით, საერთაშორისო კონვენციების უგულვებელყოფით, უკანონოდ უსმენდე და უთვალთვალებდე შენს სტრატეგიულ პარტნიორებს, მეგობრებს და მათ წარმომადგენლობებს სხვა არაფერია, თუ არა მავნებლობა და დანაშაული ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინაშე.
ეს საერთაშორისო სკანდალი უკვალოდ არ ჩაივლის. პასუხისმგებლობა სრულად ოცნების ხელისუფლებას ეკისრება, თუმცა ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ამით ზარალდება ჩვენი ქვეყნის ინტერესები და რეპუტაცია”, – წერს ხაზარაძე.
ცნობისთვის, საქართველოში გავრცელებული ფარული ჩანაწერების გამო, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სუს-ი დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლებს უსმენდა, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში განმარტებისთვის დაიბარეს.

