aviabiletebi
მთავარი სამართალი

როგორ მოკლეს ნიკა კვარაცხელია – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პროკურატურა 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობისთვის და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარებისთვის, ორი პირის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალის წარდგენის თაობაზე და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ და გ.კ.-მ ნ.კ.-ს მოკვლა განიზრახეს, რისთვისაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასევე, 2021 წლის 14 სექტემბერს ნ.ბ.-სგან ავტომობილი იქირავეს. 15 სექტემბერს, ა.ჭ. და გ.კ. ვ.ანჯაფარიძის ქუჩა N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც პირად საქმეზე ნ.კ. იმყოფებოდა. დანაშაულებრივი განზრახვის, კერძოდ, ნ.კ.-ს ჯგუფურად განზრახ მოკვლის სისრულეში მოყვანის მიზნით, ავტომობილიდან გადასული ა.ჭ. ნ.კ.-ს დაბრუნებას დაელოდა, ხოლო მისი თანამზრახველი გ.კ. დარჩა ავტომობილის საჭესთან.

პირადი საქმის დასრულების შემდეგ ნ.კ. დაბრუნდა ავტომობილთან, რა დროსაც მას ზურგის მხრიდან შეიარაღებული ა.ჭ. მიუახლოვდა და განზრახ მოკვლის მიზნით, რამდენჯერმე ზურგში ესროლა. ნ.კ. თავდამსხმელისგან თავის დაღწევას ცდილობდა, მაგრამ ა.ჭ. დაედევნა და კვლავ განაგრძო სროლა მისი მიმართულებით, რა დროსაც მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებები.

სროლის დასრულების შემდეგ, ა.ჭ. გაიქცა და გ.კ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით, თანამზრახველთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილზე შეკრებილმა ადამიანებმა ნ.კ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მიღებული დაზიანებების შედეგად გ.კ. გარდაიცვალა.

ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს, ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) დაუსწრებლად წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ინტენსიურად გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით და ასევე, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ბრალდებულთა მიმართ წარდგენილი ბრალის დაზუსტება.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

დანაშაულში მონაწილე პირების – ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს დაკავების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელს, ნიკა კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. შემთხვევა ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოხდა. დაჭრილი მამაკაცი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ოპერაციის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და პაციენტი გარდაიცვალა.

იტვირთბა....