პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, საპატრიარქო გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან მკაფიო განმარტებას ელოდება.
როგორც დეკანოზი საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში აცხადებს, საპატრიარქო აღნიშნულ საკითხზე ოფიციალურ განცხადებას სავარაუდოდ, უახლოეს ორ დღეში გააკეთებს.
“წმინდა სინოდის სხდომასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი კონტურები არ გამოკვეთილა. რაც შეეხება განცხადებას, განცხადება იქნება შეფასება ამ საკითხებთან დაკავშირებით. სჯობს, დაველოდოთ საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებას, უახლოეს ორ დღეში სავარაუდოდ განცხადება იქნება და ზოგად შეფასებას გავაკეთებთ. პირველად იქნება ზოგადი შეფასება, რადგანაც ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოვისმინეთ, რომ დაიწყო გამოძიება ამ ფარულ გადაღებებთან და მის გარეთ გამოტანასთან დაკავშირებით.
ველოდებით ხელისუფლების მხრიდან მკაფიო განმარტებებს, თუ რა იყო ამის მიზანი და რისთვის კეთდებოდა ეს ყველაფერი. ვფიქრობ, რომ სადღეისოდ ჩემი მხრიდან თემის განვრცობას, გაგრძელებას არანაირი შედეგი არ ექნება. სჯობს, დაველოდოთ საპატრიარქოს განცხადებას, ის დამუშავების პროცესშია და იქ მოცულობითად იქნება ყველაფერი ნათქვამი ჩვენს ფიქრებთან დაკავშირებითაც, გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც და შეფასებით ნაწილშიც შევაფასებთ, თუ როგორ და რა ხდებოდა”, – აცხადებს ბოტკოველი.
კითხვაზე, რას ნიშნავს მისთვის, როგორც სასულიერო პირისთვის საპატრიარქოს წარმომადგენლების მოსმენა, მიქაელ ბოტკოველი პასუხობს, რომ ეს უსიამოვნო ფაქტია და აღნიშნულს კრიტიკულად აფასებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტში ფარული ჩანაწერები გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საპატრიარქოზე, პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებსა და დიპლომატებზე მოსმენას აწარმოებდა.

