შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ყვარელში, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია.
მისივე თქმით, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა ოპერაცია მაღალ დონეზე ჩაატარეს.
“ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა. როგორც ჩემთვის ცნობილია, კახეთიდანაა და იდენტიფიცირებულია. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს, ბანკის თანამშრომლებს და იმ მოქალაქეებს, ვინც ბანკში იმყოფებოდა. მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაატარეს ყველაფერი და უსისხლოდ დამთავრდა. მადლობა ღმერთს. ყველანაირად ვეცადეთ, რომ ეს ადამიანიც უვნებლად დაგვეკავებინა”, – განაცხადა გომელაურმა.
ცნობისთვის, ყვარელში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვდა. მას 15-მდე მძევალი ჰყავდა აყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყველა მძევალი თავისუფალია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბანკზე თავდამსხმელი სპეცდანიშნულების რაზმმა სამ საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავა.

