სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოს საპატრიარქოში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენთა დელეგაციას უმასპინძლა.
კონგრესმენთა დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ კონგრესმენები: ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი), ასევე, აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს საპატიო კონსული ქ. სან-დიეგოში მელორ წიფურია.
უწყების ინფორმაციით, კონგრესმენებმა მადლობა გადაუხადეს უწმინდესსა და უნეტარესს გულთბილი მიღებისათვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს, როგორც მეგობარი ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხს. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრაზე წამოჭრილი თითოეული პრობლემა და წუხილი აუცილებლად იქნება მიწოდებული აშშ-ის შესაბამისი უწყებებისადმი; ამასთან, დასძინეს, რომ ისინი ძალ-ღონეს არ დაიშურებენ „ქართულ-ამერიკული მეგობრობის განვითარებისა და გაღრმავებისათვის“.
შეხვედრის დასასრულს უწმინდესმა და უნეტარესმა კონგრესმენებსა მადლობა გადაუხადა ყურადღებისათვის, თანადგომისა და მხარდაჭერისათვის, დალოცა ისინი და ბრძანა: „ღმერთი იყოს მფარველი და მაკურთხებელი ამერიკის შეერთებული შტატებისა და მთელი მსოფლიოსი“.

