ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ დღეს მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ვალდებულებას.
“შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შემდგომ დანიშვნებს, ისევე როგორც ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ დანიშვნებს, ეუთო/ოდირის შეფასებით “აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა”. წინა კვირას, ევროკავშირის 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკრო-ფინანსური დახმარების არგადახდის კონტექსტში, ევროკავშირმა აღნიშნა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი. ამრიგად, საქართველოს მიერ აღებული სასამართლო სისტემის რეფორმირების ვალდებულებების თვალსაზრისით დღევანდელი ცვლილებაზე უარის თქმა მესამე წარუმატებლობაა ამ ორი თვის განმავლობაში
ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა პარტიას გაზრდილი ძალისხმევით ერთად იმუშაონ პარლამენტში ინკლუზიური პროცესის საშუალებით სასამართლო სისტემის ძირითადი რეფორმების განსახორციელებლად. ვიმეორებთ – მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი — საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე”,- ამბობს ჰარცელი.
დღეს პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ერთი პუნქტის – გენერალური პროკურორის არჩევის წესის გამოკლებით. ცვლილებას მხარი 126-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი არავინ წასულა. საკონსტიტუციო ცვლილებისთვის დაწესებული კვორუმი 113 ხმაა.

