ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ორსულებში ლეტალური შემთხვევები გახშირებულია და რიგ შემთხვევაში, ეს დაგვიანებული სტაციონარიზაციის გამო ხდება.
“თითოეული პაციენტის მძიმე გამოსავალი ეს არის არა მხოლოდ ოჯახის ტრაგედია, არამედ მთელი ქვეყნის. რა თქმა უნდა, ჩვენ გართულებებს ვაკვირდებით არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სტატისტიკურ ჭრილშიც. ჩართულია გინეკოლოგთა ასოციაცია, რათა მათ დადონ ის კონკრეტული დასკვნები, რაც არის გარკვეული მიზეზი იმის, თუ რატომ გვაქვს ბოლო პერიოდში გახშირებული ლეტალური შემთხვევები ორსულებში. თუმცა აუცილებლად უნდა დავძინოთ, რომ რიგ შემთხვევაში არის დაგვიანებული სტაციონარიზაცია.
მაგალითად, გუშინ სამეგრელოს რეგიონიდან ერთ-ერთი ორსულის საავადმყოფოში გადმოყვანა იქნა საჭირო, თუმცა ამ ორსულს 112-ზე არ ჰქონდა დარეკილი, სამაგიეროდ, პოსტი ედო ფეისბუქზე. კარგია, რომ ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აკვირდება ყველა იმ ჯგუფს, რომელიც აქტიურია ფეისბუქზე. ჩვენ აქედან დამატებით ინფორმაციას ვიღებთ. პაციენტები, რომლებიც სამწუხაროდ, არ მიმართავენ არც ექიმს და არც 112-ს, მაგრამ არჩევენ სოციალური მედიით კომუნიკაციას, ვცდილობთ, რომ ამ კუთხითაც სამინისტრო და სასწრაფო გადაუდებელი დახმარება იყოს ყურადღებით”, – აცხადებს ტიკარაძე.
ამირან გამყრელიძის თქმით, ორი წლის განმავლობაში 13 ორსული გარდაიცვალა ვირუსისგან. უკანასკნელი შემთხვევა წუხელ, თბილისში, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მოხდა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული 19 წლის ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა.
საქართველოში ორსულების აცრა ფაიზერის ვაქცინითაა შესაძლებელი. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ეს ვაქცინა ორსულთათვის უსაფრთხოა.

