საქართველოში სიგარეტი გაძვირდა. ფასის ზრდა ძირითადად შეეხო „ფილიპ მორისის“ მიერ იმპორტირებული სიგარეტებს: “პარლამენტი“, „მარლბორო“, „ჩესტერფილდი“ და „ელ ემი“.
„მეტრონომი“ დაუკავშირდა საქართველოში „ფილიპ მორისის“ წარმომადგენელ კომპანიას. როგორც „მეტრონომს“ კომპანიის თანამშრომელმა ნონა მამულაშვილმა განუცხადა, კომპანია დღის ბოლოს ოფიციალურად განცხადებას გაავრცელებს, სადაც მათ მიერ შემოტანილი სიგარეტების გაძვირების მიზეზებზე იქნება საუბარი.
უცხოური სიგარეტების კიდევ ერთი იმპორტიორი კომპანია „ო-ჯი-თი“, რომელსაც სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდები შემოაქვს საქართველოში მათ შორის „ეფესი“, კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობს, იმ მიზეზით, რომ კომპანიის ხელმძღვანელები შვებულებაში არიან.
შვებულებაშია სააქციო საზოგადოება თბილისის თამბაქოს მენეჯმენტიც. ამიტომ გაუგებარია გაძვირდება თუ არა მომხმარებლებისთვის უკვე ცნობილი, ქართული წარმოების სიგარეტი „პირველი“.
სიგარეტის გაძვირების ფაქტს მთავრობაც ეხმაურება. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძის თქმით, სიგარეტის გაძვირება აქციზზე ფასის ზრდით არ არის გამოწვეული.
“2016 წლის 1-ლი იანვრიდან, სიგარეტის ნაწარმზე აქციზი გაიზარდა 20 თეთრით, ეს ეხება აბსოლუტურად ყველა სიგარეტს და მისი საბაზრო ღირებულების 5%-ით. გამორიცხულია სიგარეტის ფასის ორმაგი ან სამმაგი ზრდა გამოწვეული იყოს აქციზის გამო. ზრდა, სავარაუდოდ, გამოწვეულია მოწოდება-მოთხოვნის დისბალანსით“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებული, საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები მესამე მოსმენით 11 დეკემბერს დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, 2016 წლის 1-ელი იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთი გაიზარდა, კერძოდ, ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) – 0,20 ლარის ოდენობით; უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) – 0,05 ლარის ოდენობით; სიგარებზე, ერთ ღერზე – 0.4 ლარით, სიგარილებზე 20 ღერზე – 0.5 ლარით; ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე 1 კგ-ზე – 5 ლარით.
ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ თამბაქოზე ფასის ზრდა აქციზზე ფასის ზრდით არ არის გამოწვეული. რატომ მოხდა იმპორტირებული სიგარეტის ფასის უეცარი ზრდა და ხომ არ გამოიწვევს ეს პროცესი ადგილობრივი წარმოების სიგარეტზე ფასების ზრდასაც?
დასავლეთ ევროპაში სიგარეტის ფასი, ევროპელების თვიურ შემოსავალთან შედარებით, საკმაოდ დაბალია. გერმანიაში სიგარეტი საშუალოდ 5-6 ევრო ღირს, ინგლისში 5-10 ფუნტი, საფრანგეთში სიგარეტის საშუალო ფასი 5 ევროა.
როგორც ირკვევა, ინფორმაციით, ფილიპ მორისის პროდუქცია საქართველოში დისტრიბუციას „ომეგა ჯგუფი“ აღარ გაუწევს. როგორც ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი და დისტრიბუტორი კოპანია „ჯი დი ალკო“ ხელმძღვანელი სოსო ესართია აცხადებს, დისტრიბუტორებს შორს გაუგებრობაა, სწორედ ამ უთანხმოებამ გამოიწვია სიგარეტის დეფიციტი ბაზარზე. მოთხოვნა დიდია, მიწოდება კი ნაკლები, სწორედ ამან განაპირობა ფასების უეცარი ზრდა. „მეტრონომი“ დაუკავშირდა „ომეგა ჯგუფს“ აღმოჩნდა, რომ სხვა იმპორტიორი თუ მწარმოებელი კომპანიების მსგავსად „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმეტი შვებულებაშია და ერთი კვირის შემდეგ გახდება ცნობილი შეავსებს თუ არა კომპანია დეფიციტს და დაიკლებს თუ არა სიგარეტის ფასი.
სიგარეტის გაძვირებას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც ეხმაურებიან. პარლამენტის ყოფილი წევრი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში სიგარეტის გაძვირებას ასე ეხმაურება: “ყველა, ვინც თვლის, რომ ეს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯია, ფარისეველია და თუ არა, მაშინ იგივეს უნდა თვლიდეს ზეთზე, წონადაკლებულ პურზე, კარაქზე, ხორცზე, ბოსტნეულზე, ხილზე და… ბენზინზეც, რომელიც ყველგან იაფდება, გარდა რუსული ზონისა… ყველას, ვინც თვლის, რომ ეს ფასები ევროპულია და აბა რა გინდოდათო, “ავიწყდება”, რომ ევროპაში და ზოგადად, დასავლეთში (მათ შორის, აშშ–ში), ეს ფასები შესაბამისი შემოსავლის პირობებში დაწესდა, სადაც ადამიანი თავად წყვეტს, უნდა თუ არა, და არა შეუძლია თუ არა, მაღალი ფასის გადახდა სიგარეტში, ალკოჰოლში და ა.შ“.