დედაქალაქის მთავრობის სხდომა კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო.
თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივით, სხდომის მონაწილეებმა ვირუსით გარდაცვლილთა მიმართ სამძიმარი წუთიერი დუმილით გამოხატეს.
“მინდა სხდომა დავიწყო თხოვნით, გნებავთ მოწოდებით, ატაროთ პირბადე, დაიცვათ დისტანცია და ჩავერთოთ ვაქცინაციის პროგრამაში. სხვა გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან არ არსებობს, ჩვენ ვიმყოფებით ომში, რომელშიც აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ ერთმანეთის დახმარებით და მხარდაჭერით. დღეს ბრძოლის ხაზი გადის თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაზე და ჩვენზეა დამოკიდებული, გავიმარჯვებთ თუ არა ამ ბრძოლაში. ნებისმიერი თემა უფერულდება იმის ფონზე, რაც ჩვენს ყოველდღიურობაში ხდება. მინდა წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ყველა იმ ადამიანის ხსოვნას, ვინც უხილავ მტერთან ბრძოლას შეეწირა”,- ამბობს კალაძე.

