სადღესასწაულო პერიოდი არა მხოლოდ მათთვის ხდება გამოწვევა, ვინც წონის პრობლემას ისედაც განიცდის, მკაცრი დიეტის დამცველები და უკვე სასურველ წონაზე მყოფნიც დიდი ცდუნებების ქვეშ ექცევიან. საახალწლო კალორიული სუფრა და ალკოჰოლი, რომელიც რამდენიმე დღე გრძლდება, ყველაზე უტეხი ნების ადამიანებსაც ამარცხებს. როგორ მოვახერხოთ, რომ დღესასწაულს შესაბამისად, კარგი განწყობით შევხვდეთ და თან მომდევნო დღეებში მომატებულ წონაზე არ ვიდარდოთ? „მეტრონომს“ ამ კითხვებზე ენდოკრინოლოგი, თამარ ზერეკიძე პასუხობს.
“მეტრონომი“: ახალი წლის პერიოდი მოდის, დატვირთული მენიუთი. ვინც დიეტაზეა, ისინიც კი ვერ ახერხებენ ამ დროს სწორი კვების რეჟიმი შეინარჩუნონ. როგორ მოვახერხოთ, რომ ამ პერიოდში წონაში არ მოვიმატოთ?
თამარ ზერეკიძე, ენდოკრინოლოგი: პირველ რიგში, ჯობია დიეტა, ანუ სწორი კვების რეჟიმი არ დაარღვიონ. დიეტა ნიშნავს ბალანსირებულ კვებას, რაც გულისხმობს საუზმის, სადილის და ვახშმის მიღებას. საუზმე შეიძლება იყოს ნოყიერი, სადილი შედარებით ნაკლებად და ვახშამი მსუბუქი უნდა იყოს. როცა ეს პრინციპი დაცულია, თუნდაც ახალი წლის პერიოდში, წონის და ჯანმრთელობის პრობლემა არ იქმნება. მაგრამ საქართველოში ისეთი სტილია, ძირითადად საღამოს ვსხდებით სუფრასათან. შესაბამისად მეტ საკვებს და კალორიას ამ დროს ვიღებთ. ამ შემთხვევაში წონის მატება სახეზეა, ხოლო ორგანიზმს, განსაკუთრებთ სადღესასწაულო დღეებში, დიდი რაოდენობთ მიწოდებული მძიმე საკვების და ალკოჰოლის მონელება უჭირს. უნდა ვეცადოთ, რომ საკვები ერთმანეთში არ ავურიოთ, რეჟიმულად და მსუბუქად მივირთვათ და რაც შეიძლება მეტად დავიტვირთოთ ფიზიკურად, ანუ გამოვიყენოთ ახალი წლის ეს დღეები და ბევრი ვიცეკვოთ თუ ფეხით ვიაროთ.
– მაგრამ მათთვის, ვინც ვერ მოახერხებს ამ რჩევების გათვალისწინებას, და სავარაუდოდ მათი რაოდენობა დიდი იქნება, რა რჩევა შეიძლება გავავრცელოთ? მაგალითად, ამბობენ, რომ მეტი კალორიის მიღების შემთხვევაში, მეორე დღეს ე.წ. განტვირთვის დღე უნდა მოვაწყოთ. ეს რამდენად ეფექტურია?
– დიდი რაოდენობით მიღებული საკვები მეორე დღეს შეიძლება განტვირთვის დღით გავანეიტრალოთ. ეს დღე ორ ლიტრამდდე მინერალური წყლის, ერთ კილომდე ხილის და კეფირის მიღებას გულისხმობს. ამ შემთხვევაში წონის მატების საფრთხე აღარ არსებობს. მაგრამ განტვირთვის დღეებსაც აქვთ თავისი რეჟიმი. ის დიდი ხნის მანძილზე არ უნდა გაგრძელდეს, მხოლოდ ერთი დღე, რის შემდეგაც უნდა დავუბრუნდეთ ჯანსაღ კვებას, ანუ მსუბუქ, არა ზედმეტად დატვირთულ, რეჟიმში მდგარ კვებას. ამ რეჟიმით საახალწლო დღეებიც ისე ჩაივლის, რომ ის არც წონაზე და არც ჯანმრთელობაზე არ აისახება.
მანა ნოდია