აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრობს.
სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, რომ შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
„ცამეტი წლის წინ, რუსეთი უკანონოდ შემოიჭრა საქართველოში, დაიღუპა ასობით ადამიანი, ხოლო ათასობით პირი გააძევეს მათი სახლებიდან. დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია და შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
სოლიდარობას ვუცხადებთ და ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მოუთმენლად ველით იმ დღეს, როცა ქართული საზოგადოებები გაერთიანდება“, – ამბობს ნედ პრაისი ტვიტერზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსული საოკუპაციო ძალების შედეგად 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. გარდა ამისა, საქართველოს 2 232 მოქალაქე დაიჭრა და დაშავდა.

