პარტია ლელოს წევრი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის პატიმრობიდან დროზე ადრე გათავისუფლების საკითხს ეხმაურება.
როგორც ნაცვლიშვილი წერს, ე.წ. უდოს კომისიამ საზოგადოებას უნდა აუხსნას, რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღეს ჩოლოიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება.
„15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში მსჯავრდებული ჩოლოიანი 11 თვეში ციხიდან გათავისუფლდა ე.წ. უდოთი! გავბრაზდით, გავმწარდით და გავჩერდით.
არა! ე.წ. “უდო” რამე უსულო, მექანიკური დანადგარი არ გეგონოთ, (არასწორად დაანგარიშებულ გადასახადებზე რომ ეუბნებოდნენ ხოლმე მოქალაქეებს, კომპიუტერმა დაწერაო). ეს არის კონკრეტული, ცოცხალი ადამიანებისგან შემდგარი კომისია.
ამ ხალხმა საჯარო უფლებამოსილება განახორციელა, კერძო, პირადი გადაწყვეტილება არ მიუღია.
ამიტომ ახლა დაეწყონ სათითაოდ კომისიის წევრები და საჯაროდ ისაუბრონ, რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღეს ჩოლოიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება.
კოლექტიური პასუხისმგებლობა და ბიძინა ცუდია – ასეთი ხალხისთვის თავშესაფარი და კომფორტია.
გამოვიდნენ და საზოგადოებას, მათ შორის საკუთარ შვილებს, დედებს, მამებს – აუხსნან რა გააკეთეს.
პ.ს. ამ პოსტს ექნება გაგრძელება”, – წერს ანა ნაცვლიშვილი.
გარდაცვილი ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი პატიმრობიდან დროზე ადრე გაათავისუფლეს. მას 3-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.