შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში პირმა ბიზნეს წილებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო კაცი მოკლა და მისი შვილი დაჭრა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 23 ივლისს, ქალაქ ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურთან, ბიზნეს წილებთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების გამო, მამა-შვილი – 1959 წელს დაბადებულ გ.ლ. და 1981 წელს დაბადებულ გ.ლ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მიღებული დაზიანების შედეგად, 1959 წელს დაბადებული გ.ლ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა ხოლო, მეორე დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
პოლიციამ, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ზ.კ. მომხდარიდან მალევე, ზუგდიდში დააკავა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დანაშაულის ჩადენის იარაღი – ორი ცალი პისტოლეტი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის და განზრახ მკვლელობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით. დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.