ვითიბისა და თბილისის ღია უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობის მიცემას სტაჟირების პროგრამის საშუალებით და მათთვის ფინანსური სექტორის უკეთ გაცნობას.
თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას ვითიბი ბანკში გაივლიან. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი სტუდენტები გასაუბრების საფუძველზე შეირჩევიან. შერჩეული კანდიდატები ჩაერთვებიან 3 თვიან სტაჟირების პროგრამაში მათი პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით.
„ვითიბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია განათლებასთან დაკავშირებული ინიციატივების მხარდაჭერა. ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ სტუდენტებს პროფესიულ განვითარებაში, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კარიერული გეგმების განსაზღვრაში. გვინდა მხარადაჭერა გავუწიოთ, იპოვონ თავიანთი ნამდვილი ინტერესის სფერო, რათა მიიღონ მაღალი ხარისხის პრაქტიკული გამოცდილება, ყოველივე ეს კი გამოიყენონ საკუთარი მომავლისთვის“- განაცხადა ვითიბი ბანკის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თიკო კოტორაშვილმა
ვითიბი ბანკი, ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 18 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 28 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 900–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.
თბილისის ღია უნივერსიტეტი 2002 წელს დაფუძნდა. უნივერსიტეტის ბაზაზე წარმატებით ფუნქციონირებს ბიზნესის, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და მედიცინის სკოლები, რაც ჯამში 1700-ზე მეტ სტუდენტსა და 2200-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს.