ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

21 საელჩო: მოვუწოდებთ საქართველოს ყველა ლიდერს და უწყებებს, იმოქმედონ დაუყოვნებლივ და დაიცვან ადამიანები

თბილისში, რუსთაველის ტერიტორიაზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით 21 საელჩო და წარმომადგენლობა საქართველოში ერთობლივ საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას და პოლიტიკურ ლიდერებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

“ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას. მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში. ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგენ კანონის სრული უზენაესობის დაცვით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა ლიდერს და სამართალდამცავ უწყებებს იმოქმედონ დაუყოვნებლივ და დაიცვან ის ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებებით, დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც მოქმედებენ თავისუფალი პრესის პრინციპების მიხედვით, და საჯაროდ დაგმონ ძალადობა”,- წერია განცხადებაში.

საელჩოების სია:

ავსტრიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს, გაეროს სისტემის საქართველოში, შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება თბილისში განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით

შეგახსენებთ, რომძალადობრივი ჯგუფები რუსთაველზე დილიდან იკრიბებიან, რომლებიც “ღირსების მარშის” ჩაშლას ცდილობენ, რომელიც თბილისის პრაიდის კვირეულის ფარგლებშია დაგეგმილი.

ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით ჟურნალისტების მიმართ გამოირჩევიან. ბოლო ინფორმაციით, მათი თავდასხმის სამიზნე, სულ მცირე, 10 ჟურნალისტი და ოპერატორი გახდა, თუმცა ეს რაოდენობა, შეიძლება შეიცვალოს. დაზიანებულია მათი ტექნიკაც. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, როგორ ეჯახება პირი ჟურნალისტებს მოპედით.

ჰომოფობიურმა ჯგუფებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ განთავსებული “ქართული ოცნების” მოწინააღმდეგეთა კარვებიც დაარბიეს.

იტვირთბა....