ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უნდოდათ მოვეკალი, ასამდე პირი მირტყამდა და ერთი პოლიციელიც არ გამოჩენილა – რას ყვება “ფორმულას” სასტიკად ნაცემი ჟურნალისტი

ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები “ფორმულა”-ს გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.

ჟურნალისტი რატი წვერავა და ოპერატორი სულხან ელბაქიძე ერთ-ერთ სასულიერო პირთან ცდილობდნენ გასაუბრებას, თავდასხმა სწორედ ამ დროს მოხდა.

“რამდენიმე ათეული ადამიანი გამისწორდა ფიზიკურად. კითხვის დასასმელად მივდიოდით. ახლა პოლიციის ავტომობილში ვართ. სრულად დამტვრეულია ინვენტარი, დაკარგული გვაქვს პირადი ნივთებიც.“, – ამბობს რატი წვერავა.

მომხდარზე წვერავამ საპატრულო პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგაც ისაუბრა:

“დაახლოებით 40 წუთის წინ მოხდა ინციდენტი და ამ დრომდე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა არ გამოჩენილა. სავარაუდოდ, მაქვს ტვინის შერყევა და სხეულის სხვადასხვა დაზიანება.

200 მეტრზე მათრიეს. ასამდე ადამიანი მირტყამდა ისე, რომ არც ერთი პოლიციელი არ გამოჩენილა, რომელიც გადამეფარებოდა. ქაშუეთის ეკლესიასთან ჩასასველში ერთადერთი პოლიციელი გამოჩნდა, მაგრამ ბუნებრივია, ის უძლური იყო. ბრბო მირტყამდა, არ აინტერესებდათ, ჟურნალისტი ვიყავი თუ არა. სასულიერო პირები და აქციის ორგანიზატორები. პერანგი მეცვა და შემომახიეს. მირტყამდნენ. თავი დახრილი მქონდა და ვიგუდებოდი, ვითხოვდი, იქნებ ვინმე დამეხმაროს-მეთქი და არავინ დამეხმარა. უბრალოდ უნდოდათ, მოვეკალი. სიტყვიერად და ფიზიკურად ხომ გვიპირისპირდებოდნენ, ერთი ნაბიჯია, რომ ამ ადამიანებმა მოგკლან.

მეუფე იოანე გამრეკელისთვის კითხვა უნდა დამესვა, რატომ იყო მოსული და მოსწონდა თუ არა ის, რომ ფიზიკურად უსწორდებოდნენ ადამიანებს. ეს უნდა მეკითხა სასულიერო პირისთვის, რომელიც მოგვიწოდებს, რომ უნდა ვიყოთ მშვიდობიანები. და თავად იოანე გამრეკელი ხედავდა, როგორ გამიყვანეს და დამიწყეს ცემა“. – ამბობს ჟურნალისტი.

დილიდან ქუჩაში გამოსული მოძალადეები შეურაცხყოფას აყენებენ და ფიზიკურად უსწორდებიან მედიის წარმომადგენლებს. თავდასხმები პოლიციის უმოქმედობის ფონზე ხდება.

“პრაიდის” მოწინააღმდეგე პირები, ასევე, “რუსთავი 2″ -ისა”, “ტვ პირველის”, “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფებს თავს დაესხნენ.

იტვირთბა....