ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

“უსამართლობა მახრჩობს, ეს სახელმწიფო არაა” – სალომე ბარკერი საპატრიარქოს “ბოროტების სავანეს” უწოდებს

“თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გარშემო მიმდინარე მოვლენებზე სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:

“რამდენიმე კვირაა შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia არის საქმის კურსში ჩვენგან, როგორ მობილიზდებიან მოძალადე ჯგუფები ჩვენ წინააღმდეგ, და თუ ვინმეს გგონიათ რომ ეს ორგანიზებული თარეში მაინცდამაინც პრაიდის წინააღმდეგ ხდება და არა ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანის წინააღმდეგ, ნებისმიერი არხი ჩართეთ და იხილეთ დასისხლიანებული ჟურნალისტები, რომლებსაც უბრალოდ მოუწიათ დღეს ფრონტის წინა ხაზზე ყოფნა და რომლებზეც გადატყდა ჯერჯერობით ეს კართაგენი.

რაც დღეს ხდება ეს ჩემთვის სიურპრიზი არ არის, ეს ხალხი დღეს დაერევა ყველას ვინც თვალში ცუდად მოხვდება, ამის შესახებ იცოდა ყველა სახელმწიფო უწყებამ, რომელმაც აბსოლუტურად არაფერი იღონა მოძალადეების შესაკავებლად. რატომ? აი, ამიტომ, ეს რომ გვეხილა ყველას. შეშის ნაჭერზე დაგვდევდნენ ტიპები ათობით ეკიპაჟით და ხელ-ფეხს გვამტვრევენ დაკავებისას. პროპორციული რომ ჩააგდეს 2019 წლის ნოემბერში, პარლამენტის გარშემო ვიდექით უბრალოდ, წყლის ჭავლი დაგვიშვეს დილის ხუთზე. ცესკოსთან რომ ვაპროტესტებდით გაყალბებულ არჩევნებს 2020-ის ნოემბერში, ღობის იქით სპეცრაზმი იდგა და აქ უკვე სამი წყლის ჭავლი დაგვიშვეს, სოფოს ხელი ზუსტად მაგ ჭავლით მოტყდა. და რამდენი ეგეთი ჩამოვთვალო?

ეხლა ვუყურებ დასისხლიანებულ ხალხს და უსამართლობა მახრჩობს. ეს სახელმწიფო არაა.
რაც შეგეხებათ თქვენ, საქართველოს საპატრიარქო ❲ოფიციალური გვერდი❳ ბოროტების სავანე ხართ. მკვლელებო” – წერს ბარკერი სოციალურ ქსელში, პოსტის კომენტარებში კი დასძენს:  “არ მინდა მამაოების ჭავლით დაშლა. ჩააყენონ მაგალითად ავტობუსები და რობოკოპები და შემოღობონ, რომ შეასიეს მთელ ქალაქს ეს მოთარეშე ხალხი რომელიც დაერია ყველას და მათ შორის შემთხვევით გამვლელ ხალხს.”

შეგახსენებთ, დღეს საპატრიარქოს მოწოდებით, “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მისული მრევლისა და საეკლესიო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმები განხორციელდა, მათ დაარბიეს კარვები, ასევე ქვები დაუშინეს და დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისი, ამის შემდეგ კი ჰომოფობიური ჯგუფები “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს.

განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პასუხისმგებლობა – ღირსების მარშის ორგანიზატორებს დააკისრა, აქციაზე მისულმა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა კი პრაიდის ორგანიზატორებსა და მედიას.

იტვირთბა....