“ევროპული საქართველოს” ყოფილი წევრი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების მიერ განხორციელებულ ქმედებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და საპატრიარქოსა და ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს.
“რუსთაველზე ფაქტიურად პუტინისტი რუსები დგანან. ჯაღმაიძე უწყვეტ ხაზზე ქურდივით დაიარება. იაკობი გაიძახის ჰკა მაგას! ჯვარს აცუთ ეგე!
ღარიბაშვილმა პილატეს მსგავსად ხელები დაიბანა. პატრიარქმა და მისმა სინედრიონმა რუსთაველი გოლგოთას დაამსგავსეს.
დიახ, ყოველი ჩაგრული დღეს იესოა და მთავარი მჩაგვრელი იესოს სახელით მქადაგებელი პატრიარქი, კაიაფა და მისი სინედრიონია. საკუთარი ცოდვის მონანიების ნაცვლად მისი გადაფარვა გადაწყვიტეს.
მთელი საპატრიარქო ერთმანეთს უბეში უძვრებით, მხოლოდ იმაზე ჭორაობთ ვინ ვისთან წევს და ასე უსინდისოდ აგიჟებთ ამ ხალხს. პირდაპირ რუსეთის მეხუთე კოლონა ხართ.
გრცხვენოდეთ თქვენო უწმინდესობავ. თქვენ იქ იესო არ დაგხვდებათ. თქვენ იქ მხოლოდ სტალინს იხილავთ. ამ ცოდვას თქვენ ღმერთი და შთამომავლობა არასდროს გაპატიებთ.
ზოგჯერ მთხვევის ნაცვლად სახარებასაც თუ წაიკითხავთ მიხვდებით: “რომელმან აღიღოს მახვილი, მახვილითვე წარწყმდეს” “არა არს დაფარულ რომელი არა განცხადდეს”. – წერს უგულავა “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველზე დილიდან იკრიბებიან, რომლებიც “ღირსების მარშის” ჩაშლას ცდილობენ, რომელიც თბილისის პრაიდის კვირეულის ფარგლებშია დაგეგმილი.
ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით ჟურნალისტების მიმართ გამოირჩევიან. ბოლო ინფორმაციით, მათი თავდასხმის სამიზნე, სულ მცირე, 10 ჟურნალისტი და ოპერატორი გახდა, თუმცა ეს რაოდენობა, შეიძლება შეიცვალოს. დაზიანებულია მათი ტექნიკაც. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, როგორ ეჯახება პირი ჟურნალისტებს მოპედით.
ჰომოფობიურმა ჯგუფებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ განთავსებული “ქართული ოცნების” მოწინააღმდეგეთა კარვებიც დაარბიეს.