“საერთოდ, დიდი სიფრთხილით მოვეკიდებოდი სასამართლო ხელისუფლებაზე საჯარო განცხადებებს. სასამართლო ხელისუფლება, ეს არის ცალკე, დამოუკიდებელი შტო, რომელიც საქართველოს სჭირდება, როგორც დემოკრატიის გზაზე მიმავალ ქვეყანას. ის ახლა ყალიბდება, ძალიან ბევრი პერიპეტიები გადაიტანა და ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ხმამაღალი განცხადება, რომ არ გვყავს სასამართლო, არ არიან პატიოსნები, ძალიან დამთრგუნველად მოქმედებს ადამიანებზე”, – ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, ლადო კახაძემ მეტრონომს განუცხადა და ამით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ლევან მურუსიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, სასამართლოზე პირდაპირ ზეწოლა ხორციელდება.
როგორც ლადო კახაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია სიფრთხილე გამოვიჩინოთ, როდესაც საჯაროდ სიტყვით გამოვდივართ,
“მახსოვს, 70-იანი წლები იყო, როდესაც ექიმების წინააღმდეგ იყო გალაშქრება. ექიმები იყვნენ შეურაცხოყოფილი და ამ რწმენის აღდგენა პაციენტსა და ექიმს შორის ძალიან გაჭიანურდა. ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს ყველა ადამიანს საჯარო გამოსვლის დროს, პოლიტიკოსებს არ ვეხები. საჯარო სიტყვა ძალიან საფრთხილოა, სიტყვა უნდა ეყრდნობოდეს ძალიან ბევრ არგუმენტს და ეს არ უნდა იყოს ღვარძლის და შეურაცხყოფის ენა”, – თქვა კახაძემ მეტრონომთან.
ლევან მურუსიძის თქმით, სასამართლოზე პირდაპირ ზეწოლა ხდება, რის გამოც ძალიან ბევრი მოსამართლეა შეწუხებული. როგორც მურუსიძემ ჟურნალისტენს უთხრა, ვერავინ იტყვის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანონი დაარღვია.
ცნობისათვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 – კაციანი სია წარუდგინა. წარდგენილი კანდიდატები არიან: გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.