ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ვაშაძე მოსამართლეობის კანდიდატებს: ჩამოშორდით შერჩევის პროცესს, თუ არა დამღას მიიღებთ

“კლანი იბრძვის გადარჩენისთვის, ერი და ბერი მათ წინააღმდეგ არის, მთელი დასავლეთი ჩვენ ამაში მხარს გვიჭერს და პირობას ვაძლევ საქართველოს მოქალაქეებს, ამ კლანს გავანადგურებთ”, – ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ TV პირველს განუცხადა და ამით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ლევან მურუსიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, სასამართლოზე პირდაპირ ზეწოლა ხორციელდება.

გიორგი ვაშაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ურჩევს, შერჩევის პროცესს ჩამოშორდნენ:

“ესენი არიან მძარცველი კლანი, რომელიც საკუთარი ინტერესებისთვის მზად არის, ყველაფერს მოაწეროს ხელი. კორუმპირებული, ქრთამისტი და გახრწნილი არიან. უზენაესი სასამართლოს თითოეული მოსამართლეობაზე, ვინც წარმოადგინეს განაცხადი, მივმართავ, თუ თქვენ იოტის ოდენა ნამუსი შეგრჩენიათ, ჩამოშორდით ამ შერჩევის პროცესს, თუ არა და თქვენ თქვენი იურიდიული და სამართლებრივი მოღვაწეობის პერიოდში, ისეთ დამღას მიიღებთ ამ კონკურსში მონაწილეობით, რომელსაც ვერ ჩამოირეცხვთ ვერასდროს თქვენი ცხოვრების მანძილზე”, – თქვა ვაშაძემ.

ლევან მურუსიძის თქმით, სასამართლოზე პირდაპირ ზეწოლა ხდება, რის გამოც ძალიან ბევრი მოსამართლეა შეწუხებული. როგორც მურუსიძემ ჟურნალისტენს უთხრა, ვერავინ იტყვის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანონი დაარღვია.

ცნობისათვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 – კაციანი სია წარუდგინა. წარდგენილი კანდიდატები არიან: გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.

იტვირთბა....