ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას მუშაობით „ქართული ოცნების“ ლიდერები უკმაყოფილოები არიან. ამის შესახებ არეშიძემ „მეტრონომთან“ საუბრისას განაცხადა. არეშიძის თქმით, ნარმანიას მუშაობით უკმაყოფილოა თავად ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც და მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ვარაუდობს, რომ ნარმანიას გადადგომა გარდაუვალია.
„ნარმანიას გადადგომა გარდაუვალია. ეს პროცესი გავრცელდება დედაქალაქის ხელმძღვანელობაშიც. „ოცნების“ ლიდერები უკმაყოფილოები არიან ნარმანიას მუშაობით. ყველას გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილის აგრესია, აღარაფერს ვამბობ ივანიშვილზე, რომელსაც ნარმანიას ხსენებაც აღარ უნდა. ასე, რომ მერის შეცვლა გარდაუვალია, რადგან ეს საზოგადოების მოთხოვნაა და ჩვენ ვიხილავთ გადადგომების მორიგ სერიას, ოღონდ ახალი წლის შემდეგ“, – განაცხადა არეშიძემ.
ის ასევე ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურზე საუბრობს და ამბობს, რომ ხადური ის ფიგურაა, რომლის შეწირვა მოხდება კლასიკურად, ბევრი მიზეზის გამო. ერთ-ერთი მიზეზი ლარის დევალვაციაა და აღნიშნავს, რომ ივანიშვილი და „ოცნების“ ლიდერები მისი მუშაობითაც უკმაყოფილოები არიან.
„ის საზოგადოებაში დიდ აგრესიას იწვევს, სწორედ ამ ტიპის მინისტრებმა წარმოშვეს დიდი აგრესია საზოგადოებაში. ამიტომ გახდა საჭირო მათი მოცილება. შესაძლოა, კიდევ რამდენიმე მინისტრი მოექცეს ამ ბადეში“ – აღნიშნა არეშიძემ.
ექსპერტის განცხადებით, ამ ეტაპზე ძნელია იმის პროგნოზირება თუ ვინ იქნებიან ახალი სახეები მინისტრთა კაბინეტში.