ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ კიდევ 5 არასრულწლოვანი გამოიყვანა ნინოწმინდის პანსიონიდან.
მათი თქმით, ნინოწმინდის პანსიონიდან ჯამში 11 არასრულწლოვნის გამოყვანა უზრუნველყო, რომელთა შორის 1 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.
“ადგილზე სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების ჯგუფი, როგორც დღის, ასევე ღამის განმავლობაში, აგრძელებს მუშაობას. ამ ეტაპზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს არასრულწლოვნებისთვის ზრუნვის სხვა ალტერნატიული ფორმები უკვე მოძიებული აქვს. ეს ეხება ბიოლოგიურ ოჯახში ინტეგრაციას, მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში განთავსებას. ზემოაღნიშნული მოქმედებები ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებითა და დაცვით ხორციელდება. სახელმწიფოს უმთავრეს პრიორიტეტს ბავშვთა უფლებებისა და მათი საუკეთესო ინტერესის დაცვა წარმოადგენს. ამ პრინციპებზე დაყრდნობით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ნინოწმინდის პანსიონში მუშაობას აგრძელებს”,- წერია განცხადებაში.