ბოლნისის მუნიციპალიტეტში 15 წლის გოგო ქორწინების მიზნით გაიტაცეს. ამის შესახებ inforustavi წერს.
როგორც გატაცებული გოგოს დედა აცხადებს, მას შვილის ნახვა სურს, რისი საშუალებაც არ ეძლევა.
“ჩვენი შვილი ბიჭს არ იცნობდა, მხოლოდ ერთხელ ინტერნეტით ჰქონდათ კავშირი, რის შემდეგაც ჩემს შვილს მისი ხმა აღარ გაუგია. მე სამუშაოდ ვიყავი და იქ დამირეკა ჩემმა შვილმა, დედა მომიტაცესო და გათიშა. მერე გავიგეთ. რომ ბიჭი ყარაჯლადან არის. მეორე დღეა პოლიციას ვეხვეწებით და არავინ არაფერს ამბობს. მინდა ვნახო ჩემი შვილი”,- ამბობს გოგოს დედა.
განსხვავებული ვერსია აქვს ბიჭის ოჯახს, ისინი თელავის პოლიციასთან გოგოს ოჯახთან შესათანხმებლად მივიდნენ და განაცხადეს, რომ გოგოს და ბიჭს სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდათ და ერთმანეთსაც იცნობდნენ.
საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.