საპატრიარქოს პრესსმასახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე, მეუფე სპირიდონის ნინოწმინდის ხელმძღვანელობიდან ჩამოშორების საფუძველს ვერ ხედავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პანციონის მონახულების შემდეგ განუცხადა.
“რატომ უნდა ჩამოშორდეს მეუფე სპირიდონი? რატომ დგას ეს საკითხი? რა გამოიკვეთა მეუფე სპირიდონის მხრიდან? გამოძიებას დაველოდოთ. ჯერჯერობით რაც ითქვა არის დაუსაბუთებელი დაველოდოთ პროფესიონალები მუშაობენ ისინი დადებენ დასკვნას”,- ამბობს ჯაღმაიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც მთავარეპისკოპოსი ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს საჯაროდ ეკითხება, უნდათ თუ არა მათ დაწესებულების დატოვება – ჩანაწერში მონაწილე რამდენიმე არასრულწლოვანი ტირის, რამდენიმე მათგანი კი აცხადებს, რომ დაწესებულების დატოვება არ სურთ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ნინოწმინდაში მდებარე ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით აწარმოებს.