სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე, მომღერალი ზურა ხაჩიძე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპატრიარქოს მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და სოციალურ წერს, რომ ქვეყანაში ეკლესიის დაუფარავი დისკრედიტაცია ხორციელდება.
„მოკლედ, როგორ დაკორტნონ და ლაფში ამოსვარონ საპატრიარქო და წმინდა სინოდი ერთმანეთს ასწრებენ ტელევიზიები, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიები, ათეისტები და უბრალოდ ეკლესიის მტრები. ვერაფრით ვერ ეგუებიან მის რეიტინგს და ნდობას საზოგადოებაში. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ განვმეორდები, რომ მიდის ეკლესიის დაუფარავი დისკრედიტაცია.
მინდა გირჩიოთ და შეგახსენოთ, რომ ვერც ერთ მტერს, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა დედა ეკლესიის განადგურება, შერაცხვა, შებღალვა და კიდეv მრავალი მზაკვრობა, დაასრულეს სრული კრახით და სასჯელით. შეცდომები ყველგან ხდება და ამას არავინ არ უარყოფს და მიეცით საშუალება მოახდინოს რეაგირება, ვისაც ეს ევალება.
ღმერთმა დალოცოს ჩვენი პატრიარქი და ყველა კეთლმსახური, მრევლი, ასევე მინდა გონება გაუხსნას იმ ადამიანებს, ვინც განიკითხავს პატიოსან სამღვდელოებას. ღმერთმა შეგინდოთ ვინაიდან არ იცით რას ჩადიხართ”, – წერს ზურა ხაჩიძე.
პანსიონში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 4 კაციანი ჯგუფი ცოტა ხნის წინ ნინოწმინდის პანსიონში შევიდა.
გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები. ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას პანსიონატში შევიდეს.
ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.
19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.