საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მათი თქმით, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გაასაჯაროვოს აღნიშნული საქმეები.
“სახალხო დამცველის განცხადებიდან ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.
მივმართავთ შსს-ს შესაბამის სამსახურს, გაასაჯაროვოს აღნიშნული საქმეები, რათა არავისთვის არაფერი იყოს დაფარული და ადგილი არ ჰქონდეს სხვადასხვა სპეკულაციას”,- წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენმა ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებით, პროკურატურიდან ინფორამაცია გამოითხოვა და დადგინდა, რომ დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე.
ომბუდსმენის თქმით, მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).
ნინოწმინდის პანსიონატში ომბუდსმენს ამ დრომდე არ უშვებენ.