ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გურიის და კახეთის გუბერნატორები პოსტებს ტოვებენ?

ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი ფავორიტი გუბერნატორებიც დატოვებენ თანამდებობებს.  როგორც „მეტრონომს“ სანდო წყარომ განუცხადა, გურიისა და კახეთის გუბერნატორებმა ფაქტობრივად უკვე იციან, რომ თანამდებობეს დატოვებენ და სამსახურშიც აღარ დადიან.

ჩვენ დავუკავშირდით კახეთის გუბერნატორ ირაკლი შიოლაშვილის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, სამსახურში ინფორმაცია არ დაგვიდასტურეს და გვითხრეს, რომ შიოლაშვილი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მოვალეობის შესრულებას.

ცოტა ხნით ადრე შიოლაშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა: „ჩვენ არ გამოვრიცხავთ იყოს ცვლილებები, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს მუშაობა“.

ღარიბაშვილის კადრად გურიის გუბერნატორიც სახელდება.  „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე განსაკუთრებით გურიის გუბერნატორის „დამსახურებებზე“ საუბრობს და მიიჩნევს, რომ მორალი თუ გააჩნია გუბერნატორს უნდა გადადგეს.

„ყველა ლოგიკით ნორმალური და მორალური მათი მხრიდან ის იქნებოდა, რომ კახეთის გუბერნატორი, გურიის, სამეგრელოსა და შიდა ქართლის თუ თანამდებობებს დატოვებდნენ, რადგან ისინი პირადად ღარიბაშვილის კადრები არიან. მორალზე თუ მიდგება საქმე ისინი დიდი ხნის გადამდგრები უნდა იყვნენ“.-აცხადებს კილაძე.

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე არ გამორიცხავს, რომ მთავრობაში დაწყებული ცვლილებები შესაძლოა გუბერნატორებსაც შეეხოს.

„ჩვენ ავტომატურ რეჟიმში გადადგომა კონსტიტუციით არ გვეხება, თუმცა ახალი პრემიერ-მინისტრი რომ მოვა ის გადაწყვეტს გააგრძელებენ თუ არა სხვადასხვა გუბერნატორები მუშაობას. ჯერჯერობით ჩვეულ რიტმში ვაგრძელებთ მუშაობას“. აცხადებს სალუქვაძე.

ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ სავარაუდოა ბევრმა ჩინოვნიკმა პოსტი დატოვოს. გუბერნატორების შემდეგ ყველაზე „დიდ საფრთხეში“ კრიზისების მართვის საბჭოა, რომელიც მთლიანად ღარიბაშვილის კადრებითაა დაკომპლექტებული.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....