ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ერთერთი ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის თქმით, ხეობაში რეპრესიული მოქმედებები გამძაფრდა.
ამის შესახებ მან ფორმულას უთხრა, პოლიციამ დაშინების მეთოდს მიმართა და აქტივისტები პროვოკაციაზე წამოაგო.
“ვხედავთ, რომ გამძაფრდა რეპსრეიული მოქმედებები რიონის ხეობაში, რაც უკავშირდება ჩვენი თანამებრძოლის ამ ფორმით დაპატიმრებას, რომ დაადგა მას რამდენიმე მიკროავტობუსი სპეცრაზმი სახლში, როდესაც ამის საჭიროება საერთოდ არ არსებობდა. ჩვენთვის რომ მოემართა, პრობლემა არ იყო, მივიდოდა ირაკლი”,- ამბობს გოლეთიანი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სოფელ საყულიეში ჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტის, ირაკლი მუკბანიანის დაკავებისას პოლიციამ გაისროლა. უწყებამ ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც თვითმხილველებმა თქვეს, რომ სპეცრაზმმა მუკბანიანის დაკავებისას მათი მიმართულებით გაუფრთხილებლად ისროლა. მათივე თქმით, ერთი პირი რეზინის ტყვიით, მეორე კი ცეცხლსასროლი ტყვიით დაიჭრა.
უწყების ცნობითვე, მუკბანიანს 29 მაისს, აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება. დაკავებულს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს.