ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები თბილისში, ამერიკის საელჩოსთან საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილე პირამოკერილი მოქალაქეები ჯორჯიან მანგანეზისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ და საელჩოსთან კარვების გაშლას გეგმავენ.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, წარმოებული სამუშაოების გამო, საცხოვრებელი სახლები ინგრევა.
“არავინ ყური არ შეიბერტყა. ჩვენ ადამიანებად არ გვთვლიან. ახლა მე მინდა მივმართო საგარეო საქმეთა სამინისტროს – საერთოდ შემიჩერონ ამ ქვეყნის მოქალაქეობა და გადამასხლონ ამ ქვეყნიდან. სომალში, ნებისმიერ ქვეყანაში გამაგდონ აქედან. აღარ შემიძლია ამ დაწყევლილ ქვეყანაში ცხოვრება… პატარა ბავშვებით ვცხოვრობდით, ძლივს გამოვასწარით”, – უთხრა ტვ პირველს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
შეგახსენებთ, შუქრუთის მცხოვრებლები 20 დღეა პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას მიმართავენ, ნაწილ მათგანს პირი აქვს ამოკერილი. ჯორჯიან მანგანეზის მიერ ჩატარებული სამუშაოების გამო, მათ საცხოვრებელი სახლები დაუზიანდათ. როგორც ცნობილია, კომპანიას ზიანი ამ დრომდე არ აუნაზღაურებია.