ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, გია ვოლსკის განცხადებით, ამ დროისთვის ფრაქციის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ყველაზე შესაფერისი კანდიდატია პრემიერობის პოსტზე. ამის შესახებ ვოლსკიმ სააგენტო „მეტრონომს“ განუცხადა.
„ჩვენი ფრაქციის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ხელმძღვანელის პოსტს ყველაზე მეტად ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი შეესაბამება.
“ასეთი მოსაზრება რა საკვირველია ჰაერიდან არ მოდის, მე პირადად საქმიანი ურთიერთობა მქონია, როცა ის ეკონომიკის მინისტრი იყო. მის პოზიციას უამრავ საკითხთან დაკავშირებით ვიცნობ, მაგალითად ეკონომიკური ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს იყო ძალიან მოკლე პერიოდი, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრობის დროსაც მის მხედველობას აუცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს. საკმაოდ საინტერესოა, კონცეპტუალური აზროვნება აქვს, ახალგაზრდა, ენერგიული, მცოდნე და კარგი პატრიოტი ადამიანია, რაც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია“ – განაცხადა ვოლსკიმ.
ის არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას ეკონომიკური გუნდის შეცვლასთან დაკავშირებით, მისი თქმით, ეს მხოლოდ სპეკულაციებია.
„ჯერ-ჯერობით სპეკულაციებია მხოლოდ მინისტრებთან დაკავშირებული. ამ საკითხთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიღება მოხდება ისევე როგორც ბევრ სხვა თემაზე, კოალიციის საკონსულტაციო ფორმატში. მე ვფიქრობ, რომ სხვალ გვექნება საშუალება დეტალურად ვისაუბროთ ამ თემაზე“ – განაცხადა ვოლსკიმ.