ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თურნავა: სააკაშვილი ყველაზე უფრო უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალის ლიდერია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ნამახვანჰესთან დაკავშირებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს არასახელმწიფოებრივი პოზიცია აქვს.

თურნავას თქმით, ყოფილი პრეზიდენტი ლიდერია იმ პოლიტიკური ძალის, რომელიც მზად არის, ნებისმიერი პროტესტი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოიყენოს.

„მიხეილ სააკაშვილი გახლავთ ყველაზე უფრო უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალის ლიდერი. თავისი განცხადებით მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს პოლიტიკური ძალა არის სრულიად უპასუხისმგებლო და ისინი მზად არიან, ნებისმიერი პროტესტი გამოიყენონ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ და ამ დროს აზარალებენ ქვეყნის ინტერესებს… მიხეილ სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკას და ელექტროენერგიით მომარაგებას გააჩნია სამი თეორიული პოტენციური წყარო. ერთია, ჩვენი საკუთარი ენერგეტიკა და განახლებადი რესურსები, რომელზეც ის გვირჩევს, უარი ვთქვათ; მეორეა ელექტროენერგიის იმპორტი, მათ შორის, მეზობელი ქვეყნებიდან და რუსეთიდან. მესამე – გაზის იმპორტი. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი, რომელიც დღეს მოღვაწეობს უკრაინაში, სადაც უკვე იწვნიეს საკმაოდ მძიმედ ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე, ასეთ არასახელმწიფოებრივ პოზიციაზე დგას”, – აცხადებს თურნავა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა მთავარ არხთან ნამახვანჰესის საკითხზე საუბრისას თქვა, რომ საქართველოსთვის ჰესები მთავარი პრიორიტეტი არ არის და ამის უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესები იმალება.

“მე არ მიმაჩნია, რომ ახლა ჰესები საქართველოს მთავარი პრიორიტეტია. მიამიტობაა, რომ ჩავთვალოთ, ივანიშვილი არაფერ შუაშია. არაფერი ხდება საქართველოში ბიზნესში, სადაც ივანიშვილი თავის წილს არ დებს. ყველა ჰესში, რაც საქართველოში შენდება, ივანიშვილის 25%-ია ჩადებული”, – განაცხადა სააკაშვილმა.

იტვირთბა....